გიორგი გახარია - თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით ევროპელი კოლეგების კითხვებს სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ და დარწმუნებული ვართ, ერთობლივი მუშაობით ამ ციფრებს შევამცირებთ
გიორგი გახარია - თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით ევროპელი კოლეგების კითხვებს სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ და დარწმუნებული ვართ, ერთობლივი მუშაობით ამ ციფრებს შევამცირებთ

მეც ვადასტურებ, საფრანგეთთან მიმართებაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაში გვაქვს ზრდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ, კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამის ახსნა ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და არსებობს კონკრეტული გეგმა.

„რა თქმა უნდა, მეც ვადასტურებ, რომ საფრანგეთთან მიმართებაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაში გვაქვს ზრდა. ეს ფაქტია, ეს არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. ამის ახსნა შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ეს გეგმა იქნება შედეგიანი ისევე, როგორც მსგავსი გეგმები ჩვენ განვახორციელეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან და იქ პოზიტიური შედეგი უკვე გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან საფრანგეთისა და საქართველოს ისტორიულ სიახლოვესაც გაუსვა ხაზი.

„საფრთანგეთთან მიმართებაში, ისტორიულად ჩვენი სიახლოვე საქართველო-საფრანგეთს შორის, თუნდაც კულტურის მიმართულებით, არის დამატებითი მოტივი, რომ თუნდაც დამატებითი ნაკადი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ცოტათი უფრო მაღალია. ამას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება შესაბამისი პასუხი, როგორც მეტი ორგანიზებულობა, მეტი კონცენტრაცია, რაც ჩვენ დღეს დავნერგეთ და საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად გვეყოლება ჩვენი საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები. ამას ვაკეთებთ, რადგან ვხედავთ, საფრანგეთთან მიმართებაში გვჭირდება განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა, რასაც დღეის მდგომარეობით უკვე ვაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებლების ზრდა ბუნებრივად იყო მოსალოდნელი, თუმცა ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი იქნება ამ რაოდენობის შემცირება.

„თავშესაფრის მაძიებლების ზრდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ ბუნებრივად დაიმსახურა და აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო თავისუფალი მიმოსვლა, იყო ბუნებრივად მოსალოდნელი პროცესი. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართებაში და ერთობლივად ვმუშობთ და დარწმუნებული ვართ, ერთობლივი მუშაობით, ამ მონაცემებს, ამ ციფრებს შევამცირებთ“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ დაახლოებით ორი წელია, რაც საქართველოს აქვს უვზიო მიმოსვლა და დღეის მდგომარეობით, 400 000-ზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში,  მათმა უდიდესმა უმრავლესობამ ყველანაირი კანონის სრული შესაბამისობით.

„არანაირი კანონი ამ ხალხს არ დაურღვევია. უდიდესი უმრავლესობა დაბრუნა დასაქართველოში და მათ უფრო მეტი ევროპა მოიტანეს საქართველოში, ისევე როგორც, მეტი კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. თუმცა ეს მიღწევა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ჩვენი მიმართულება, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება იყოს როგორც ქვეყნის ფასეულობების გადაწყვეტილება და არა, ტექნიკური პრობლემებისგან შემდგარი რაღაც მოცმემულობა. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვებები არის, ამ გამოწვებს ვპასუხობთ და ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება პოზიტიური შედეგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.