გიორგი გახარია - სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია
გიორგი გახარია - სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უკრაინის სახელმწიფო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერაფერი შეცვლის.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის რადამ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად დაამტკიცოს, გახარია ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია.

„რაც შეეხება უკრაინის ისტორიას, უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი, უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუნქტურა, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და პოლიციის მიერ იქედან გამოყვანა, თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, უკრაინიდან საქართველოს ელჩი არ გამოუწვევიათ, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სულ მცირე კონსულტაციებისთვის გამოიწვევნ.

„ჩვენ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“, – დასძინა გახარიამ.