გიორგი გახარია - სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ დაზარალებულ, კეთილსინდისიერ პოლიციელებს, მათ კი არა, ნიღბის მოხსნის რომ ეშინიათ და წიხლებით ბავშვებს სცემენ
დაზარალებულ, კეთილსინდისიერ პოლიციელებს სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ და აღმოუჩინოთ, იმათ კი არა, ნიღბის მოხსნის რომ ეშინიათ და წიხლებით ბავშვებს რომ სცემენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალიზაციას ხელი სამარცხვინოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეუწყო, რადგან ერთ მხარესაც საქართველოს მოქალაქეები არიან და მეორე მხარესაც საქართველოს მოქალაქეები არიან.
„დაზარალებულ პოლიციელებს, რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ და აღმოუჩინოთ. საბოლოოდ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დაზარალებული პოლიცია არის იმიტომ, რომ უკანონო ბრძანებებს იღებენ იმ ხალხისგან, რომლებიც აიძულებენ, შეასრულონ ის, რასაც ასრულებენ. პოლიციელებს ჩემი მხარდაჭერა არასდროს აკლდათ, კეთილსინდისიერ პოლიციელებს, იმათ კი არა, ნიღბის მოხსნის რომ ეშინიათ და წიხლებით ბავშვებს რომ სცემენ. კადრები ხომ ნახეთ, გურამ როგავას თავს რომ დაესხნენ, ის აშავებდა რამეს? კანონს არღვევდა? რა დღეში არის დღეს ადამიანი, 10 ნიღბიანი პოლიციელი მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას წიხლებით რომ სცემს, ეს არის ქართული? ღირსება? და ეს არის პოლიცია? მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ესენი პოლიციელები არ არიან, მე არ მჯერა, რომ ის ხალხი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვმუშაობდით, ამის გამკეთებლები არიან და ის ადამიანები, პოლიციელები, რომლებიც დაზარალდნენ, რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ ზრუნვა და მე მჯერა, რომ ასეთი ფაქტებიც იქნება. მაგრამ ამ რადიკალიზაციას ხელი შეუწყო „ოცნებამ“ სამარცხვინოდ, რადგან ერთ მხარესაც საქართველოს მოქალაქეები არიან და მეორე მხარესაც საქართველოს მოქალაქეები არიან. იმ ადამიანებს, რომლებიც დაზიანდნენ პოლიციის ფორმაში, კეთილსინდისიერი პოლიციელები, რა თქმა უნდა, ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.