გიორგი გახარია - შსს–ს თანამშრომლებს მხარს ვუჭერთ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ კანონსა და მოქალაქეთა უფლებებს იცავენ
გიორგი გახარია - შსს–ს თანამშრომლებს მხარს ვუჭერთ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ კანონსა და მოქალაქეთა უფლებებს იცავენ

შსს–ს თანამშრომლებს მხარს ვუჭერთ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ისინი კანონს და ჩვენი მოქალაქეების უფლებებს იცავენ, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“.

„როგორც კი მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ფიქსირდება, ჩვენ ორჯერ უფრო მკაცრი ვართ, ვიდრე კანონდარღვევების მიმართ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სანამ საზოგადოებაში ნდობის მაღალი ხარისხი არ გვექნება, შსს–ში ეფექტიან რეფორმებს ვერასდროს გავატარებთ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა გახარიამ

მისი თქმით, სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა შეთანხმება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რაც დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, რომ პოლიციელის მხრიდან გადაცდომის ან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებში, რეაგირება ადეკვატური და აბსოლუტურად სამართლიანი იყოს.

იმედა დარსალიას შეკითხვაზე, რამდენად ეფექტურად ხდება პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და ამ მიმართულებით იგეგმება თუ არა სამინისტროს მხრიდან კონტროლის გამკაცრება, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კონტროლის გამკაცრება არ იგეგმება, რადგან ის უკვე დაწყებული და გამკაცრებულია.

„თქვენ შეგიძლიათ, ბოლო თვეების სტატისტიკა აიღოთ და ყურადღებით მიადევნოთ თვალყური იმ შემთხვევებს, რომლებიც გენინსპექციის მხრიდან ან გენინსპექციისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლობით განხორციელდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.