გიორგი გახარია - შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ აღარ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, ამიტომ მივმართეთ პარლამენტს, შეზღუდვები იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული
გიორგი გახარია - შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ აღარ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, ამიტომ მივმართეთ პარლამენტს, შეზღუდვები იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული

ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჩვენგან დღეს მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე შეზღუდვების დაწესების თაობაზე პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ საქართველომ ან მსოფლიომ „კოვიდ-19“ უკვე დაამარცხა.

„არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ევროპის ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობა ბევრგან ივლისამდე, სექტემბრამდე არის გაგრძელებული. ჩვენ სხვებთან შედარებით, „კოვიდ-19“-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც მზად ვართ და რაც უკვე განვაცხადეთ, მაგრამ არავინ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ „კოვიდი“ დაამარცხა. არა. არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით ან კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ ეს კრიზისი დამარცხებული გვაქვს. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს წარმატებას ფასი არ ექნება, თუ შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანა, მოქალაქე რისკის ქვეშ დადგება.

„ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ.

ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტიანი და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევნების კონტექსტში. ამიტომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ დღეს მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს იმ ბალანსს, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკური აღორძინება და, რა თქმა უნდა, ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, ამ შეზღუდვებში შევა თუ არა შეკრებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, მაგალითად, აქციებთან მიმართებაში, გიორგი გახარია პასუხობს – „ამ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შევა“.