გიორგი გახარია - შემაკავებელი ორდერების გამოცემა, მომართვიანობა პოლიციელებისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, რაც ნდობის გაზრდაზე მიუთითებს
გიორგი გახარია - შემაკავებელი ორდერების გამოცემა, მომართვიანობა პოლიციელებისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, რაც ნდობის გაზრდაზე მიუთითებს

შემაკავებელი ორდერების გამოცემა, მომართვიანობა პოლიციელებისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, რაც ნდობის გაზრდაზე მიუთითებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან ცხრა თვე გავიდა და შეგვიძლია შევაფასოთ ამ ადამიანების მიერ გაწეული შრომის შედეგად მიღწეული გარკვეული შედეგები და დავგეგმოთ მომავალი გეგმები. ამ ღონისძიებით ვიწყებთ საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გარკვეულ შეფასებებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თქვენთან ერთად  განვსაზღვროთ აქტუალური თემები 2019 წლისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს რეფორმები, რასაც სისტემური განახლება ჰქვია.

„რეფორმების პირველი ნაბიჯი გახლდათ სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა. ეს არ იყო შემთხვევითი. ჩვენ მაშინაც ვთქვით და დღესაც აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ძალიან მკაფიოდ, კარგად გვესმის, არანაირ წარმატებებს, ვერანაირ მიღწევებს კრიმინალთან ბრძოლაში ვერ ექნება ფასი, თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის ის სტანდარტი, რომელიც დღეს გვაქვს. რაც მთავარია, ჩვენ ეს სტანდარტი უნდა ავამაღლოთ. ამ დეპარტამენტის ფუნქცია იყო და არის, ზედამხედველობა გაუწიოს კონკრეტულ სპეციფიკურ საქმეებს. შინაარსობრივად ეს იყო პირველი დეპარტამენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა ხარისხის კონტროლი. ამას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან სწორად ამ ნაბიჯმა მოგვცა საშუალება, რომ დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ გარკვეულ შედეგებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დეპარტამენტის მუშაობის ანგარიში წარდგენა, სადაც განაცხადა, რომ ცხრა თვის მონაცემებით, 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა.