გიორგი გახარია - შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს
გიორგი გახარია - შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს

მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიასა და მზარდ ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლის სათაურია – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატო-ს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებასა და ნატო-სა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას.

„ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. ჩვენი მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირისა და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ნატო-ში ჩვენმა მეგობრებმა თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი სტატიაში.