გიორგი გახარია - სასურველია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტისას პირადი ინტერესები მეორე პლანზე გადადოს
გიორგი გახარია - სასურველია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტისას პირადი ინტერესები მეორე პლანზე გადადოს

შევთანხმდეთ, საარჩევნო სისტემა და პროპორციული საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, არის სისტემური რეფორმა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოთამაშეების, აქტორების საყოველთაო კონსენსუსი აქ იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარია გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამწუხაროა, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

გახარიას თქმით, საარჩევნო ცვლილებების მიღება ქვეყნის გამარჯვებაა.

„აქ ხომ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა. რეალურად, ჩვენ რასაც მივაღწიეთ, ეს არის ქვეყნის გამარჯვება, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციისა და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტი, რაც მოხდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

ყველას კარგად ახსოვს, რომ 90-იანებიდან დაწყებული ჩვენი პოლიტიკური სისტემის ოცნება იყო პროპორციული სისტემა. პროპორციული სისტემა არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან, განვითარებასთან ერთად, პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში და მე დარწმუნებული ვარ, უახლოესი წლების განმავლობაში ამ ცვლილებას თითოეული მოქალაქე იგრძნობს.

ეს არ იქნება მარტივი, იქნება რთული, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, შემდგომი დემოკრატიზაციისა და ქვეყნის ევროატლინტიკური ინტეგრაციისთვის ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ სასურველია, „ყველა პოლიტიკურმა ძალამ სისტემური, ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის დროს, პირადი ინტერესები მეორე პლანზე გადადოს“.

„ყველა ადამიანმა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ მსგავსი სისტემური, ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის დროს, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ პირადი ინტერესები გადადონ მეორე პლანზე და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდნენ“, – განაცხადა გახარიამ.

დატოვე კომენტარი