გიორგი გახარია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი ევროპაში საკმაოდ მაღალია
გიორგი გახარია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი ევროპაში საკმაოდ მაღალია

ევროპაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი არის საკმაოდ მაღალი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, წელს ქართველი და ევროპელი სამართლდამცველების თანამშრომლობის შედეგად, დაკავებულია ქურდული სამყაროს 14 წარმომადგენელი.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში სხვადასხვა კომპონენტები გაბნეული იყო სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში, შეიქმნა საერთშორისო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ფარგლებში ჩამოყალიბდა.

„დღეის მდგომარეობით, აქ გაერთიანებულია ინტერპოლი, ევროპოლი, ატაშეების ინსტიტუტი და კიდევ ბევრი საერთაშორისო კომპონენტი. ამ ნაწილში შედეგები არის საკმაოდ მაღალი. დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი არის საკმაოდ მაღალი, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ევროპულ ქვეყნებში შსს-ს ატაშეები აქტიურად არიან წარმოდგენილი და სერიოზული წვლილი მიუძღვით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში.

„ამ საერთაშორისო ოპერაციების შედეგად მხოლოდ ევროპაში დაკავებულია ქურდული სამყაროს 14 წარმომადგენელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.