გიორგი გახარია - საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში, უნდა მივაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
გიორგი გახარია - საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში, უნდა მივაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თავსებადობის გაზრდით უნდა მივაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წვრთნა არის ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღითი დღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, მათი კეთილდღეობა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში, როგორც ევროკავშირის ეგიდით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ჯარისკაცებს, ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თავსებადობის გაზრდით უნდა მივაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დიდ მადლობას გიხდით და მადლობას გიხდით უპირველესად ღირსეული მსახურებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს, ჩვენს პარტნიორებს, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე და ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული და ეს საქართველოს თითოეული მოქალაქისა და თითოეული ჯარისკაცის ვალდებულებაა. კიდევ ერთხელ, მადლობა ღირსეული მსახურებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.