გიორგი გახარია - საქართველოს მოქალაქე ხვალ გააკეთებს არჩევანს ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ
გიორგი გახარია - საქართველოს მოქალაქე ხვალ გააკეთებს არჩევანს ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ

ხვალ, საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის წარსულში დაბრუნებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაკვეთაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა.

„ჩვენი ვალდებულებაა, გავაგრძელოთ ზრუნვა, პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე, მათზე, ვისაც ჩვენი მხრიდან ზრუნვა ყველაზე უფრო სჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებსა და პენსიონერებზე. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც შეძლო და საკანონმდებლო დონეზე დაადასტურა, რომ ყოველწლიურად ჩვენს პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ და ეს ვერ გახდება საარჩევნო სპეკულირების, პოლიტიკური სპეკულირების საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს ბავშვებზე, რომელთა ჯანმრთელობა, განათლება, სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშეა და ჩვენ ეს ზრუნვა ყოველ დღე უნდა გამოვავლინოთ.

გვესმის, რომ ჩვენს დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია და 2013 წლიდან დღემდე, დევნილებს გადავეცით 24 ათასზე მეტი საცხოვრებელი. ჩვენ უკვე გეგმაში გვაქვს, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ გადავცეთ 13 ათასი საცხოვრებელი, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, პირველ რიგში ვიზრუნოთ მშობლიურ სახლებში მათ დაბრუნებაზე. გონივრულად, მშვიდობიანად, მაგრამ მათი დაბრუნებისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ძლიერ საჯარო მოხელეზე. ჩვენ არ უნდა შეგვრცხვეს და არ უნდა მოგვერიდოს ვთქვათ, რომ სახელმწიფო დგას ეფექტურ და კეთილსინდისიერ პოლიციელსა და ჯარისკაცზე, მასწავლებელსა და ექიმზე. ჩვენ ყოველთვის დავუდგებით მათ გვერდით. ეს არის ის ხალხი, რომელზეც დგას საქართველოს ხვალინდელი დღე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, გაგრძელდება ევროინტეგრაციისკენ სვლა და 2024 წელს საქართველო გეგმავს, ევროპის დიდი ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ ბიზნესს. მივეხმარებით ჩვენს გლეხს, რომ ის გახდეს ძლიერი ფერმერი, შეძლოს დაასაქმოს თავისი ოჯახი, მეზობელი, ახლობელი და გახდეს დამსაქმებელი, ღირსეულად იშრომოს და ღირსეულად არჩინოთ თავისი ოჯახი. რა თქმა უნდა, თანაბარი უნდა იყოს პირობები ბიზნესის ყველა წარმომადგენლისთვის, დაცული უნდა იყოს საკუთრების უფლება. ეს ის პირობებია, რომლის გარეშეც განვითარებული ევროპული ქვეყანა შეუძლებელია.

ჩვენ გავაგრძელებთ პრიორიტეტულად დასავლეთისკენ სვლას. ევროპული ინტეგრაცია და ის მიღწევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს – თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, თავისუფალი სავიზო რეჟიმი – ეს ყველაფერი არის გარდამავალი ეტაპი იმ დიდი ნაბიჯისთვის, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას გახარიამ გამოწვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის ისტემური ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია.

„2013-იდან 2019 წლამდე საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში მოახდინა 23 მილიარდი ლარის ინვესტირება. დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში 20 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტირებას გავაკეთებთ, ორჯერ მეტს. ეს არის კეთილმოწყობილი გზები, სკოლები, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ა.შ. ამ გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, რომელიც სამწუხაროდ, დღეს კიდევ არის ჩვენი სერიოზული გამოწვევა.

ასევე, სულ ახლახან დავამტკიცეთ 2021-2024 წლის გაზიფიცირების პროგრამა და 2024 წელს სრულად დასრულდება ქვეყნის გაზიფიცირება. ეს იქნება ევროპაში პროცენტულად ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. სისტემური ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენ პრიორიტეტულად გავაგრძელებთ მუშაობას, საჭიროა ქვეყნის მთავარი მიზნის მისაღწევად – თანაბარი პირობები ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი.

ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია ერთი ძირითადი მიზნისკენ – რაც შეიძლება სწრაფად და ახლოს იყოს ჩვენი სტანდარტები ევროპულთან.

ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელმაც ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ხორცი შევასხათ ჩვენი ქვეყნის ასწლეულების ყველაზე დიდ ოცნებას და გავაკეთოთ 2024 წელს განაცხადი ევროპის დიდ ოჯახში სრულფასოვან წევრობაზე.

ჩემო ძვირფასებო, არჩევნებამდე დარჩა სულ რამდენიმე საათი. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მიაღწევს ღირსეულ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში, გამარჯვებას გისურვებთ,“- განაცხადა პრემიერმა.