გიორგი გახარია - საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების ხვალინდელი დღისთვის
გიორგი გახარია - საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების ხვალინდელი დღისთვის

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ელოდება გამოძიების შედეგებს.

„მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ მაქვს, ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტებისა და მშობლების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ როდესაც მსგავსი რამ ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა.

„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ. როდესაც ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია რაც უდიდესი რისკია ქვეყნის მომავალი თაობისთვის.

„მე არავის მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ჩვენ თვალწინ ხორციელდება. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არავის არ უნდა მიეცეთ. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უდნა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი