გიორგი გახარია - საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად
გიორგი გახარია - საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, მსოფლიო ხვალ როგორი იქნება, ერთიანობა, ჯარის წარმატება არის გარანტი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, საქართველოს ეფექტური თანამშრომლობის სტრატეგიულ პარტნირობთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან.

„საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია და ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით, ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს თავისი წვლილი. მეგობრებო, ჩვენ ჩვენი ქვეყნის წარსულზე დაყრდნობით,იმ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, უნდა ვიყურებოდეთ წინ და თანამედროვე ქართული ჯარი აძლევს უდიდეს მაგალითს ჩვენი ქვეყნის ყველა ცხოვრების ყველა, სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, როგორ უნდა ვიყოთ წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს.

არ არსებობს იმაზე დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. ბატონებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ,რომ ჩვენ ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში“,- განაცხადა გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, სადაც 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.