გიორგი გახარია - საქართველო ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და შედეგი იყოს მაქსიმალურად ხელშესახები
ჩვენ არ გვინდა და არ გვაწყობს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს ფორმატი არის შესანარჩუნებელი და ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებების ეფექტიანობა და შედეგი იყოს მაქსიმალურად ხელშესახები, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.
„რისი გაკეთება შეუძლია დღეს ამ ნაწილში მთავრობას – ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი, პირველ რიგში, ის სამშვიდობო კომპონენტი, რომელიც არსებობს რეგიონში, მაქსიმალურად იყოს ათვისებული იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც იყო 2008 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში.
კითხვა იყო დასმული, სოციალური პროგრამები როგორ შევთავაზოთ ოკუპაციის იქითა მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. სოციალური დახმარების პროგრამები კი არა, გადასასვლელებია გადაკეტილი და ადამიანებს, როდესაც მკურნალობა სჭირდებათ, ვერ გადმოგვყავს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ოკუპაციის მეორე მხარეს, ვუმკურნალოთ. ასეთ დონეზე ვართ. ამიტომ, პირველი ამოცანა და პრიორიტეტული ჟენევაში უნდა იყოს ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები, როგორმე აღებული ვალდებულებები შევასრულებინოთ. ელემენტარული, ადამიანის საბაზისო უფლებების დაცვაზეა საუბარი.
როგორ გავხადოთ ჟენევის მოლაპარაკებები უფრო ეფექტური, ეს არის დღეს მთავრობის ხელში არსებული ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მათი მხარდაჭერა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კითხვის უკან არსებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს თუ არა მოლაპარაკებების სხვადასხვა ფორმატები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს. აქ უნდა გვქონდეს მთავარი პრინციპი, რომ ჩვენ, ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა ვიყოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელსაც ვერ დავარღვევთ. თუმცა, ფორმატები შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, ეს ფორმატები შეიძლება გაძლიერდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა პრემიერმა.