გიორგი გახარია - სამწუხაროდ, არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამ გაჭირვებაზე დამატებითი მოგება მიიღონ
გიორგი გახარია - სამწუხაროდ, არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამ გაჭირვებაზე დამატებითი მოგება მიიღონ

სამწუხაროდ, არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამ გაჭირვებაზე დამატებითი მოგება მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღამის კურიერში“, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთი ფაქტები არა მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, არამედ პროდუქტების მიმართაც გამოჩნდა.

„ასეთი ფაქტები არა მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, არამედ პროდუქტების მიმართაც გამოჩნდა. დეფიციტთან მიმართებაში მე მინდა გითხრათ, რომ გარკვეული დეფიციტი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არსებობს, თუმცა ეს დეფიციტი არ არის მხოლოდ საქართველოში, ეს არის გლობალური დეფიციტი დღეის მდგომარეობით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილია და უახლოეს პერიოდში პროდუქტი იწარმოება საქართველოში.

„ეს იქნება როგორც პირბადეები, ისე სადეზინფექციო საშუალებები. უახლოეს პერიოდში ქართველი მწარმოებლები დაიწყებენ წარმოებას და ეს დეფიციტი მოგვარდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ტესტებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ტესტების საკმარისი რაოდენობა არსებობს.

„ტესტების რაოდენობის შევსება მიმდინარეობს მუდმივად, სხვადასხვანაირად, არსებობს ჩინეთის მაგალითი, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სამწუხაროდ დღეს უფრო მეტად უჭირთ ვიდრე ჩვენ და არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირიქით ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ ამ მიმართულებით ყველაფერი ნორმალურად არის და გამოწვევების წინაშე ჩვენ არ დავდგებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.