გიორგი გახარია - სამართლიანობა უნდა იყოს მთავარი პრინციპი და არა პრივილეგირებული ხალხის პატარა ჯგუფი, რომელიც როგორც უნდა ისე მოიხმარს ყველაფერს, რაც მოქალაქეებს ეკუთვნით
გიორგი გახარია - სამართლიანობა უნდა იყოს მთავარი პრინციპი და არა პრივილეგირებული ხალხის პატარა ჯგუფი, რომელიც როგორც უნდა ისე მოიხმარს ყველაფერს, რაც მოქალაქეებს ეკუთვნით

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი გურჯაანში გახსნა.

„ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ქაოსი უნდა დავამთავროთ. მთავარია, ისევე როგორც ყველგან საქართველოში, გურჯაანშიც სამართლიანობა იყოს მთავარი პრინციპი და არ იყოს პრივილეგირებული ხალხის რაღაც პატარა ჯგუფი, რომელიც ყველაფერს, რაც ყველას ეკუთვნის – გლეხსაც, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ამას თვითონ როგორც უნდათ, ისე მოიხმარენ, ეს უნდა დავასრულოთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ გურჯაანში შეკრებილ მხარდამჭერებს.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და საქმე აკეთონ.

„არავის ლანძღვას, არავისთან მტრობას, ომს და ჭიდაობას ჩვენ არ ვაპირებთ – წყნარად, მშვიდად მივყვებით და საქმეს გავაკეთებთ. რაც კარგი გაკეთდა, იმას დავიმახსოვრებთ და გავიხსენებთ, რაც ცუდი იყო, უნდა შევცვალოთ. მიუღებელია უკვე უსაგნო ერთმანეთის ლანძღვა და გინება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფერი ცუდი იყო, მაგრამ ბოლო 2 წელია, ერთ ადგილას ვდგავართ და ერთ ადგილს ვტკეპნით. ეს დასამთავრებელია. ამ ბავშვების გამო, წინ უნდა წავიდეთ და საქმე უნდა ვაკეთოთ“,- განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აქცენტი გააკეთა სამართლიანობასა და საჯარო რესურსებზე მოსახლეობის თანაბარი წვდომის მნიშვნელობაზე.

„არ შეიძლება ასე, არ შეიძლება, ყველაფერი პრივილეგირებულ ხალხს მოხმარდეს, ეს ყველას, ხალხს უნდა მოხმარდეს – ნორმალურ ქვეყანას სხვანაირად ვერ ავაშენებთ.

ვანახებთ ყველას მაგალითს, როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ლანძღვის გარეშე და რაც მთავარია – ღირსეულად. ყოველთვის, ჩვენს გვერდით იქნებიან კეთილსინდისიერი, არაკორუფციონერი და არანეპოტისტი ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდებს გავუხსნით გზას. აქ, გურჯაანში, სამწუხაროდ, ეს განსაკუთრებით იგრძნობა – არ შეიძლება წლები ერთი და იგივე ხალხი – სხვებსაც უნდა მიეცეს გასაქანი, სხვებსაც უნდა მიეცეთ გზა“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.

ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.