გიორგი გახარია – სამართალდამცავ სისტემას აქვს ვალდებულება, რა ზომაც არ უნდა დასჭირდეს, აღკვეთოს ყველაფერი, რაც სცდება კონსტიტუციის ფარგლებს და იღებს ძალადობრივ ფორმას

22:03, 27.06.2019

უნდა შევთანხმდეთ სახელმწიფოსა და პოლიციის პასუხისმგებლობაზე, ყველაფერი, რაც სცდება კონსტიტუციის ფარგლებს და იღებს ძალადობრივ ფორმას, დაერქვას შესაბამისი სახელი და ყველამ იცოდეს, რომ სახელმწიფო სამართალდამცავ სისტემას აქვს ვალდებულება, რა ზომაც არ უნდა დასჭირდეს, აღკვეთოს მსგავსი საქციელი, პოლიტიკური პროცესი მოაქციოს კონსტიტუციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით და მაქსიმალურად ფრთხილი დამოკიდებულებით თავისი მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა.

„გამოდის და ფაქტია, რომ ქვეყანაში გვყავს გარკვეული პოლიტიკური ძალები ან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი სახის დაძაბულობა გადააქციონ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ეცადონ, გადააქციონ პირდაპირი ფიზიკური დაპირისპირების კომპონენტად. ეს ფაქტია და ეს გვიჩვენა ამ დღემაც“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, უნდა გავყოთ პოლიტიკური პროცესი და ის, რაც კონსტიტუციურ ფარგლებს სცდება.

„უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე და ეს არის სახელმწიფოსა და პოლიციის პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი, რაც სცდება კონსტიტუციის ფარგლებს და იღებს ძალადობრივ ფორმასა და სახეს, მას დაერქვას შესაბამისი სახელი და ყველამ იცოდეს, რომ სახელმწიფო სამართალდამცავ სისტემას აქვს ვალდებულება, რა ზომაც არ უნდა დასჭირდეს, აღკვეთოს მსგავსი საქციელი და პოლიტიკური პროცესი მოაქციოს კონსტიტუციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით და მაქსიმალურად ფრთხილი დამოკიდებულებით თავისი მოქალაქეების მიმართ. ეს არის ის სამწუხარო მოცემულობა, რომელიც დღეს ჩვენს უაღრესად რადიკალებულ პოლიტიკურ პროცესს თან ახლავს. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, სრულად გავცეთ პასუხი არსებულ მწვავე შეკითხვებს. თუ სისტემური სახის გადაცდომები იყო, ავიღოთ ჩვენ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ასევე, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ იმ ხალხს, ვინც დააპროვოცირა და შესაბამისად, შემდგომ უკვე კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებში გადაიყვანა ეს სამოქალაქო პროტესტი, რომელიც, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, არ ყოფილა სოციალური. ეს არ იყო რაღაც სოციალური პროტესტი. ეს იყო კონკრეტული მიზეზებით გამოწვეული, კონკრეტული შეცდომებით გამოწვეული პოლიტიკური პროცესი, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიციისა და სამართალდამცველი სისტემის 90 პროცენტი თანაუგრძნობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საოკუპაციო ხაზი არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენ ყოველდღე ამას ვუყურებთ. შესაბამისად, უაღრესად სამწუხაროა, რაც მოხდა და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ არანაირი კითხვის ნიშნები აღარ დავტოვოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი