გიორგი გახარია - სალომე ზურაბიშვილისთვის პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ რჩევის მიმცემს წარმოდგენა არ აქვს, რეალური პოლიტიკური პროცესი რა არის დღეს ქვეყანაში
გიორგი გახარია - სალომე ზურაბიშვილისთვის პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ რჩევის მიმცემს წარმოდგენა არ აქვს, რეალური პოლიტიკური პროცესი რა არის დღეს ქვეყანაში

ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის არამართვადი, ფუჭი მოლოდინები და დიდი იმედგაცრუებები, რომლებიც ჩვენ გვქონია, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, სმენია თუ არა, რომ განიხილებოდა საკითხი სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვაც კი რისკების ქვეშ აყენებს როგორც სალომე ზურაბიშვილს, ასევე თვითონ პროცესს.

გიორგი გახარიას თქმით, ვინც პრეზიდენტ ზურაბიშვილს მსგავს რჩევას აძლევს, მას წარმოდგენა არ აქვს, დღეს ქვეყანაში რეალური პოლიტიკური პროცესი რა არის და საით მიდის.

„მე მსმენია. არ ვიცი, ვინ არის ამის ავტორი, მაგრამ სრული სისულელეა. ამის განხილვაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ ერთი, ქალბატონ პრეზიდენტს აყენებს სერიოზული რისკების ქვეშ და მეორე, თვითონ პროცესს აყენებს ძალიან დიდი რისკების ქვეშ. ჩვენ ხომ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, რომ „ოცნება“ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა. ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლიტიკური წნეხი… იმის მაგივრად, რომ წნეხი განვახორციელოთ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი დავაბრუნოთ, კიდევ ერთი აქტორის პოლიტიკური ჩარჩოდან გასვლით დავადასტუროთ და გავაპრავოთ „ოცნების“ გასვლა? ეს არის პოლიტიკური პროცესი? ეს, რა თქმა უნდა, იქნება საჩუქარი ივანიშვილისთვის, რომელიც ამას გამოიყენებს, მერწმუნეთ. ვინც არ უნდა იყოს, ასეთი რჩევის მიმცემს წარმოდგენა არ აქვს, რეალური პოლიტიკური პროცესი რა არის დღეს ქვეყანაში და საით მიდის. რა არის ამის მოტივაცია და გამომწვევი მიზეზები, არ ვიცი და არ მინდა ამაზე მარჩიელობა. მე ამ პროცესს ძალიან, ძალიან ვუფრთხილდები და ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის არამართვადი, ფუჭი მოლოდინები და დიდი იმედგაცრუებები, რომლებიც ჩვენ გვქონია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.