გიორგი გახარია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად, სტატუს კვო შეცვალა
გიორგი გახარია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად, სტატუს კვო შეცვალა

მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად, სტატუს კვო შეცვალა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ  განახადა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 30 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა.

” რა თქმა უნდა, ეს ახალი რეალობაა, რომელშიც უნდა ვიმოქმედოთ. იმ ნაწილში, რაც შეეხება მსუბუქ და კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის მიღებული, ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ . ამ მიმართულებით ჩვენი სისტემა, საკანონმდებლო ორგანოს ვგულისხმობ, რეპრესიული ვერ იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის განცხადებით, აბსოლუტურად სხვანაირი უნდა იყოს მიდგომა მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში.

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად სხვანაირი უნდა იყოს მიდგომა მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში და დარწმუნებულები ვართ, საზოგადოების მოთხოვნაც და მოლოდინიც ეს არის. მძიმე ნარკოტიკები უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გამოწვევებს, შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გაუქმდა.