გიორგი გახარია - შსს ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ შეზღუდავს ზონებს, სად შევიდეთ და სად - არა
გიორგი გახარია -  შსს ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ შეზღუდავს ზონებს, სად შევიდეთ და სად - არა

შსს ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ, ვერავინ, ვერასოდეს შეზღუდავს ზონებს, სად შევიდეთ და სად – არა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებები არის დასაწყისი და  ქსელის გამოვლენის პირველი ნაბიჯი.

„ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო. აქ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რადგან ძირითადი ტრაფიკი კლუბური ნარკოტიკის სწორედ იქიდან მოდის. ეს არის ძირითადად ჩვენი მეზობელი პარტნიორი ქვეყნები და ევროპელი პარტნიორები, საიდანაც ძირითადი ტრაფიკი მოდის. მინდა, რომ ვეცადო, თქვენ შეგიქმნათ შინაგანი რწმენა, მართლა გვქონოდა და გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ ყველაფერმა მიიღო სისტემატური სახე, ეს სისტემური პრობლემაა”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის გარკვეული ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯაჭვი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიდიოდა ფატალურ შედეგამდე.

“სხვა მოტივი ჩვენ არ გვქონდა. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ იმის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, იყოს გამოყენებული, როგორც ეფექტური ნარკოვაჭრობის პლატფორმა. გასასამართლებლად არ გამოდგება, თუმცა მსგავსი ღონისძიებები ტარდება თითქმის ყველა ქალაქში, სადაც კლუბური ცხოვრება არის განვითარებული. საგამოძიებო პროცესები გრძელდება. აშკარად ვხედავდით იმ მდგრად კავშირებს, რომელიც არსებობდა ადმინისტრაციასთან. რისი ბრალი იყო ეს, უკონტროლობის, ცუდი მენეჯმენტის,  თუ რისი, შს სამინისტროსთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შსს ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ, ვერასოდეს შეზღუდავს ზონებს, სად შევიდეთ და სად – არა”, – განაცხადა გახარიამ.