გიორგი გახარია - რუსეთთან არსებული ფორმატების ამოწურვამდე სხვა ფორმატებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, პირდაპირი კავშირები ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან კი, მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ
რუსეთთან არსებული ფორმატების ამოწურვამდე სხვა ფორმატებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, პირდაპირი კავშირები ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან კი, მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე. ფრაქციის წარმომადგენლებმა, ირმა ინაშვილმა და ადა მარშანიამ სხდომა ტერიტორიული მთლიანობის თემით გახსნეს.
„ადა მარშანიას გამოსვლაში იყო აქცენტი გაკეთებული ასე ვთქვათ, პირდაპირ კომუნიკაციებზე და იყო ხაზგასმით ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე საუბარი. ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ფორმატები და რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ. სანამ მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც დღეს არსებული ფორმატები, ჟენევის იქნება თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატი მოიცავს, სხვა ფორმატებზე საუბარი ალბათ ჯერ ნაადრევია.
პირველ რიგში, უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ ამ ფორმატების შესაძლებლობები ამოვწუროთ მაქსიმალურად და გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად. რაც შეხება პირდაპირ კავშირებს ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან, აქ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ ყველაფერი, რაც სახალხო დიპლომატიასთან არის დაკავშირებული. აქ შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ და მათი შედეგები კიდევ უფრო ხელჩასაჭიდი და ეფექტური უნდა იყოს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ჩვენ ვერ ვახორციელებთ და უსაფრთხოების კონტექსტში, როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მჭიდრო კავშირებზე სხვადასხვა მიმართულებით ესეც უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.