გიორგი გახარია - როგორც ვვარაუდობდით, ფაქტობრივად მეორე ტალღის პროცესი იწყება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, სიტუაციას სრულად ვმართავთ
გიორგი გახარია - როგორც ვვარაუდობდით, ფაქტობრივად მეორე ტალღის პროცესი იწყება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, სიტუაციას სრულად ვმართავთ

ბოლო დღეების განმავლობაში, აშკარად ფიქსირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. დღევანდელი 57 და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია.

გახარიას თქმით, იმისათვის, რომ ვირუსთან საბრძოლველად ხელისუფლების სტრატეგია შესრულდეს, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების დაწესება იქნება საჭირო.

„როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ჩვენ ვვარაუდობდით შემოდგომას და ახლა ეს პროცესი იწყება. მთავარია, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან სრულად ვმართავთ სიტუაციას. მოგეხსენებათ, ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკ-ფაქტორების მართვა, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტირება ერთობლივად, ვირუსის მართვის პირობებში.

მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში დაახლოებით 150 „პისიარ“ ტესტს აკეთებდა. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, საშუალო, ექვსი-შვიდი ათასი ტესტი გააკეთოს და სულ მალე შესაძლებელი იქნება, 10 000 ტესტის გაკეთება. სიტუაცია არის სრულად კონტროლის ქვეშ და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. იმისათვის, რომ ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგია – სწრაფი გავლენა, სწრაფი მკურნალობა და ინფიცირებული ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება – შესრულდეს, გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, რაც არ არის ადამიანის საბაზისო მოთხოვნები“, – განაცხადა გახარიამ.