გიორგი გახარია - როგორც ჩანს, ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, მექანიზმი მარტივია - ფეიკ ნიუსი
ერთადერთი, რაც ფეიკ ნიუსების წინააღმდეგ დღეის მდგომარეობით ტექნოლოგიურად გვაქვს, ეს არის მაქსიმალური გახსნილობა, – განაცხადა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური და ამის მექანიზმი მარტივია – ფეიკ ნიუსი.
„დღეს, რითაც შეგვიძლია, ჩვენ ამას ვებრძოლოთ, არის მაქსიმალური გახსნილობა და მაქსიმალურად სწრაფად და ტრანსპარენტულად მოქალაქეს მივაწოდოთ ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში და როგორც ჩანს, ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური არჩევნები, მექანიზმი მარტივია – ფეიკ ნიუსი ან ფეიკ ნიუსზე მერე დალაგებული პროპაგანდისტული მანქანა, შემდგომ უკვე რაღაც პოლიტიკური მიზნები. ხშირ შემთხვევაში, ამას აქვს მოკლევადიანი შედეგი, ზოგ შემთხვევაში აქვს გრძელვადიანი, ზოგი ცოცხლობს ერთი საათი, ზოგი ცოცხლობს ერთი კვირა.
რეალურად, ეს ჩვენი შიდა მოხმარების თემაა. რაც შეეხება ჰიბრიდულ ძალას, ამ მიმართულებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებშიც, ვქმნით სტრატეგიულ კომუნიკაციების გარკვეულ ინსტრუმენტებს. სხვა ინსტრუმენტები დღეს არ გვაქვს. სტრატეგიული კომუნიკაციების ინსტრუმენტები გვაძლევს შესაძლებლობას, სწრაფად ვუპასუხოთ ჯერ გარედან წამოსული ჰიბრიდული ძალის რისკებს, ჰიბრიდული გამოწვევების რისკებს, რომელიც შიგნით ქვეყანაში ან შიდამოხმარების ფეიკ ნიუსების რაღაც შინაარსს იძენს ან გარე მოხმარების პრობლემებია. ეს არის არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო გამოწვევა და აქ ერთადერთი, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ კომპეტენციის პრობლემაც გვაქვს, ტექნოლოგიური პრობლემებიც გვაქვს და ერთადერთი, რისი იმედიც გვაქვს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაა და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.