გიორგი გახარია - რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან და შემდგომ რაც ამას მოჰყვა, სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი უნდა გახდეს
გიორგი გახარია - რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან და შემდგომ რაც ამას მოჰყვა, სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი უნდა გახდეს

რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან და შემდგომ რაც ამას მოჰყვა, შესაძლებელია, სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი გახდეს, უნდა გახდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, გამოძების საგანი უნდა გახდეს განსაკუთრებით ის, რა განვითარებაც მოჰყვა ამ ქმედებას.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ორი სხვადასხვა კომპონენტია. არსებობს კომპონენტი, რამაც გამოიწვია თავისუფალი მოქალაქის სამართლიანი პროტესტი. პოლიციელების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც იქ იდგა, დარწმუნებული კი არ ვარ, უბრალოდ, ვიცი, რომ გულწრფელად თანაუგრძნობდა ამ პროტესტანტებს, რადგან ბევრი მათგანი მსახურობს საოკუპაციო ხაზზე. მათ ძალიან კარგად ესმით უსაფრთხოების და ოკუპაციის კომპონენტი, რამდენად მნიშვნელოვანია და ემოციურადაც ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის. ამიტომ აქ არანაირი პრობლემა არ არსებობდა იმაში, რომ ისინი აბსოლუტურად თანაუგრძნობდნენ ამ პროტესტს.

ეს არის ერთი ნაწილი, რა იყო გათვლილი და რა მიზანს ემსახურებოდა ამ ღონისძიების მესვეურების ქმედების უკან, იყო თუ არა რამე გათვლები, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნიდნენ რისკებს. აბსოლუტურად სხვა საკითხია, რომელიც ასევე სამწუხაროდ, უსაფრთხოებას ეხება, ყველაფერი ის, რა სახეც მიიღო შემდგომ ამ პროტესტმა. ორივე კომპონენტი რა თქმა უნდა, განსახილველია უსაფრთხოების განზომილების თვალსაზრისით, თუმცა ვთვლი, რომ ეს არის სხვადასხვა კომპონენტი და ვერც ერთ შემთხვევაში, მე იმ პროტესტს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ გამოხატეს, ვერ დავუკავშირებ უსაფრთხოების იმ შესაძლო რისკებს, რომელიც შესაძლებელია, ყოფილიყო რუსი დეპუტატის ქმედებების უკან. ეს სხვადასხვა რამეა. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რა ფორმებიც მიიღო შემდეგ ამ პროტესტმა, ესეც ასევე, რა თქმა უნდა, ესეც ქვეყნის უსაფრთხოების კომპონენტს ძალზე სერიოზულად ეხება, ეს სხვა ფორმატში, მაგრამ ასევე განსახილველია“,- განაცხადა გახარიამ.