გიორგი გახარია - ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაიცალა, ჭორაობას დაემსგავსა, რაც უკმაყოფილების საფუძველს აძლევს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც
გიორგი გახარია - ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაიცალა, ჭორაობას დაემსგავსა, რაც უკმაყოფილების საფუძველს აძლევს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც

​ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაიცალა, ჭორაობას დაემსგავსა, რაც უკმაყოფილების საფუძველს აძლევს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„შეერთებულ შტატებში ვიმყოფებით. ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს გავაცნოთ ჩვენი ახალი დაფუძნებული პარტიის მიზნები, ფასეულობები, იდეოლოგია. განვიხილოთ ის პრობლემები, გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას და ვიმსეჯელოთ ქვეყნის მომავალზე.

მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვყოფილვართ ვიზიტით მხოლოდ შეერთებულ შტატებში, ერთი კვირით ადრე ვიყავით ბრიუსელში და ჩვენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გავიგოთ, როგორია აღქმები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში საქართველოს მიმართ.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში საკმაოდ დინამიური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა. ახლა მოგეხსენებათ, რომ სულ მალე იქნება არჩევნები, ამ ყველაფერს წინ უსწრებდა შეთანხმება, შარლ მიშელის შეთანხმება. ეს გადადის რბილად, ესე ვთქვათ, საარჩევნო კამპანიაში და ეს ყველაფერი ქმნის გარკვეულ ტურბულენტობას. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღელავენ, სამწუხაროდ რაც შევამჩნიეთ, როგორც ბრიუსელში ასევე ვაშინგტონში, ცოტა დაღლილობაა საქართველოთი, ცოტა იმედგაცურებაა საქართველოთი, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ დავინახეთ მყარი მხარდაჭერა სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების, რაც მთავარია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ქვეყნის სახელმწიფოს მყარი მხარდაჭერა, სტრატეგიულ დონეზე მხარდაჭერა და ეს დაღლილობა ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებს და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ეს დაღლილობა სხვათა შორის მარტო ვაშინგტონში და ბრიუსელში არ არის, თბილისშიც არის, ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ.

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაიცალა, უფრო ჭორაობას დაემსგავსა და ეს ყველაფერი უკმაყოფილების საფუძველს აძლევს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ, თუმცა დღევანდელი ხელმძღვანელობის არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ მიშელის შეთანხმებაში გააჩინა ჩანაწერი პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე.

„დღესაც ვთვლი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ და არ არსებობენ. პოლიტპატიმრებთან კონტექსტში არ ვეთანხმები და ეს პოზიცია დღესაც დავაფიქსირე. მე პრემიერობიდან თუ გადავინაცვლე სხვა პოლიტიკურ სივრცეში, ოპოზიციაში დღეის მდგომარეობით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პოზიციებს ვიცვლი ერთ დღეში, ერთ თვეში. ეს ესე არ ხდება. მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ ყოფილან. უბრალოდ მმართველი პარტიის, დღევანდელი ხელმძღვანელობის არათანმიმდევრულმა და ხშირ შემთხვევაში უგუნურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში გაჩნდა ჩანაწერი პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.

არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიის ლიდერი დააკავო სპეციალური საშუალებებით, როცა პარტიის შენობაში შეიჭრნენ, როდესაც ამისი არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და იგივე მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო ბევრად უფრო ცივილიზებული გზით, უბრალოდ, აი ამ არაგონივრული ქმედებით დაადასტურეს ის, რაც აღქმებში, საერთოდ ბუნებაში არ არსებობდა. სენატორ რიშთან ამ თემასთან დაკავშირებით მქონდა ძალიან ხანგრძლივი საუბარი და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ დღეს რაც ხდება, რატომ გახდა ამნისტია საჭირო? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ნიკა მელია მაგალითად, პერსონალიებზე არ არის აქ საუბარი. პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც კონკრეტულ ვითარებაში მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტში შტურმისკენ, ამაზე შემდგომ აბსოლუტურად ლეგიტიმურად იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული და დღეს „ოცნებამ“, მმართველი პარტიის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ მიაღწია იმას, რომ ნიკა მელია ამნისტირებულია სრული იმუნიტეტით და დღეს დასეირნობს, დარბის, ვარჯიშობს ვაშინგტონში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.