გიორგი გახარია - პირველად საქართველოს ისტორიაში, 60 მანდატი არის ოპოზიციის, ამ მიღწევაზე უარი გაუგებარია, მოქალაქემ პოლიტიკოსებზე უკეთესად გაიაზრა, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა
გიორგი გახარია - პირველად საქართველოს ისტორიაში, 60 მანდატი არის ოპოზიციის, ამ მიღწევაზე უარი გაუგებარია, მოქალაქემ პოლიტიკოსებზე უკეთესად გაიაზრა, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა დისკომფორტს და პრობლემას უქმნის არა მას, არამედ პრობლემას უქმნის ქვეყანას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

გახარიას თქმით, მოქალაქეები პანდემიის პირობებში მივიდნენ არჩევნებზე და პირველად საქართველოს ისტორიაში 60 მანდატი არის ოპოზიციის. გახარიას განმარტებით, მისთვის ამ მიღწევაზე უარის თქმა უბრალოდ გაუგებარია.

„იმედი მაქვს, რომ შემოვა, თუ შემოვა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით.

რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიციის არყოფნა დარბაზში, ეს არის პრობლემა და ჩემი პრობლემა კიარა, მე კი არ მიქმნის ეს დისკომფორტს, ეს არის ქვეყნის პრობლემა, პრობლემა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში რეალურად უქმნის პრობლემას ქვეყანას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რადგან ჯანსაღი ოპონირების, თუნდაც არაჯანსაღი ოპონირების გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება კონსესუსური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის დემოკრატიული პროცესის ელემენტარული ჭეშმარიტება. ერთი წლის, გასული წლის განმავლობაში, მათ შორის ოპოზიციამ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მმართველმა ძალამ – ძალიან ბევრი მოლაპარაკება გამოვიარეთ, რათა პროპორციული სარჩევნო სისტემა ქვეყანაში შედმგარიყო, როგორც ფაქტი.

მოდით, შევთანხმდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში გადადგა ეს ნაბიჯი, ჩაატარა მეტად პროპორციული არჩევნები და, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში გამაგრებულია, რომ 2024 წელს იქნება პროპორციული არჩევნები. ამის შემდეგ რა ხდება? ტარდება არჩევნები, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად, ამის შემდგომ, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა პანდემიის პირობებში, როცა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მივიდა საარჩევნო უბანთან, ხმა მისცა 8 ოპოზიციურ პარტიას, პირველად საქართველოს ისტორიაში, 60 მანდატი არის ოპოზიციის.

მოგვწონს, არ მოგვწონს, ყველას შეიძლება, უფრო უკეთესი გვინდოდა, მაგრამ ეს რეალურად არის პროგრესი და მიღწევა, დემოკრატიული პროცესის ამ მიღწევაზე უარის თქმა და, პარალელურად, სახელმწიფოს და სახელმწიფოს ბევრი ინსტიტუტის, მათ შორის პარლამენტის, შსს-ს, პოლიციის და ჯარის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია. პარალელურად, ფრთხილი მოწოდებები საკმაოდ სუსტად დასაბუთებული რევოლუციისკენ, მაშინ, როდესაც ქვეყანა გლობალური, კრიზისული პროცესების წინააღმდეგ იბრძვის ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ეს იცით რას მაგონებს? საქართველოს მოქალაქემ პოლიტიკოსებზე უკეთესად გაიაზრა, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა პანდემიური მდგომარეობა იყო მაშინ, მივიდა არჩევნებზე და ისე გადაანაწილა მანდატების რაოდენობა, რომ თქვა, ნებისმიერი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება მაგალითად, ამდენი მანდატი, ვერ იქნება მიღებული ოპოზიციის ჩართულობის გარეშე“, – აღნიშნა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თითოეული ადამიანი ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან და ყველა მოქალაქე აცნობიერებს, რომ ამ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე და ასეთი ოპოზიციის პირობებში ხელისუფლება ვალდებული იქნება, ორმაგი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.

„ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი ქვეყნისთვის არის პრობლემა. თქვენ რასაც ამბობთ, გაუძლებთ? კრიზისს გაუძლებთ? გაზაფხული რომ მოვა, ეკონომიკური კრიზისი…ეს არის ამორალური, ხალხნო. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავუძლოთ და ვიღაცას თუ ჰგონია, რომ არ შემოვა პარლამენტში და დიალოგის ჩაშლისკენ იქნება ორიენტირებული იმიტომ, რომ ვიღაცა რაღაცა გამოწვევებს არ გაუძლებს, ფუჭი იმედებია ეს, აგიხსნით რატომ. თითოეული ადამიანი ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან, ოპოზიციიდან, არ აქვს მნიშვნელობა, რიგითი მოქალაქე, ყველას კარგად ესმის, რომ ამ გამოწვევების წინაშე, ეკონომიკური, პანდემიური გამოწვევების წინაშე და ასეთი ოპოზიციის პირობებში უბრალოდ ვალდებული ვიქნებით, ორმაგი პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს თავზე. ორჯერ უფრო მეტი ვიშრომოთ, ორჯერ მეტ ადამიანს გავცეთ პასუხი და მივაქციოთ ყურადღება. ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არ არის მათი გადაწყვეტილება, ეს არის საქართველოს მოქალაქის დავალება და ყველამ ნება უნდა იბოძოს და ეს პასუხისმგებლობა აიღოს. როდესაც საუბრობენ რაღაც წარმოუდგენელ სცენარებზე და იმედი აქვთ, რომ ეს წარმოუდგენელი სცენარები მათ რევოლუციურ განვითარებამდე მიიყვანენ, ეს ტყუილია და ტყუილად ელოდებიან. საქართველოს მოქალაქე, 2 მილიონი ადამიანი არჩევნებზე რომ მივიდა ხმის მისაცემად, განა, მარტო ჩვენ და ოპოზიციას მისცა ხმა, მან ხმა მისცა იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს, წყდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში, ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს და, დარწმუნებული ვარ, უკვე დაივიწყა, როგორ კეთდება პოლიტიკა ქუჩაში. მეტსაც გეტყვით – რაც უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ოპოზიცია, ან მისი ნაწილი, მით უფრო მკაცრ შეფასებას მისცემს ამას ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.