გიორგი გახარია - პანდემიასაც დავამარცხებთ, არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩავატარებთ და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, არ მინდა, წინასწარ მოგილოცოთ, თორემ ამასაც გავაკეთებდი
გიორგი გახარია - პანდემიასაც დავამარცხებთ, არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩავატარებთ და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, არ მინდა, წინასწარ მოგილოცოთ, თორემ ამასაც გავაკეთებდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე თუ რატომ გახდა საჭირო მკაცრი ღონისძიებების განხორციელება და სისტემური შეზღუდვების დაწესება.

გახარიას თქმით, მაშინ არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც პირბადის დეფიციტი და ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობდა. გარდა ამისა, გახარიას განმარტებით, საქართველოში დღეში მხოლოდ 200 „პისიარ“ ტესტი ტარდებოდა და არც ხარისხიანი სწრაფი ტესტები იყო ხელმისაწვდომი.

დღეს კი, გახარიას განცხადებით, ამ მხრივ ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა, რაც იძლევა საშუალებას, წერტილოვანი ღონისძიებებით შემოიფარგლონ.

„პირველი ტალღის ეტაპზე, როდესაც მივიღეთ უმკაცრესი ღონისძიებები, იყო რამდენიმე ფაქტორი. პირველი – გაურკვევლობის ხარისხი იყო ბევრად მაღალი, არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. ჩვენ კიარა, მსოფლიომაც არ იცოდა, რასთან გვქონდა საქმე. დამეთანხმეთ, რომ მაშინ მკაცრი ჩაკეტვის ღონისძიებები ჩვენს გარდა ბევრმა სხვა ქვეყანამაც მიიღო.
დღეს თქვენ რომ პირბადე გიკეთიათ, იმ ეტაპზე პირბადე იყო დეფიციტში, მსოფლიოში იყო დეფიციტი. გარდა ამისა, მაშინ ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა დღეში 200 „პისიარ“ ტესტი, საერთოდ ხარისხიანი სწრაფი ტესტები არ არსებობდა. მაშინაც სპეკულირებდა ოპოზიცია ამ თემებით. კიდევ ბევრი არგუმენტი შემიძლია, ჩამოგითვალოთ. ჯანდაცვის სისტემა იყოს სრულიად სხვა მდგომარეობაში, ელემენტარულად, სასუნთქი აპარატების კუთხით იყო უდიდესი დეფიციტი. დღეს არის სულ სხვა მდგომარეობა, სხვა რეალობა.
ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი ღონისძიებები იქნება წერტილოვანი. ჩვენ შეზღუდვებზე ან ლოკდაუნებზე უარი არ გვითქვამს, მაგრამ ეს არ იქნება სისტემური, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. იქნება წერტილოვანი იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. სრულად არის გადალაგებული კლინიკური მართვის სისტემა. რამდენიმე შრეა, ეს არის პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმები, საკარანტინო სივრცეები, კოვიდსასტუმროები, თვითონ ჰოსპიტალური სისტემა.

რა თქმა უნდა, ყველაზე განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის რესურსიც არის ამოწურვადი. ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოს ეკონომიკის მწირი რესურსი სწორად გადავანაწილოთ. როცა ამას ვაკეთებთ, ეს არ არის მხოლოდ მთავრობის რესურსი. მარტივად გეტყვით, ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიმპტომები, აქვს დაბალი ტემპერატურა და არ არის დამძიმებული, მსუბუქია, უნდა იმართებოდეს ბინაზე, კოვიდკარანტინში, კოვიდსასტუმროში. ჩვენ სპეციალურად შევქმენით ეს, რადგან თუ ადამიანს არ აქვს ბინაზე იზოლაციის პირობები, გადაგვყავს, მაგრამ როცა ადამიანს ყველანაირ პირობებს უქმნი და არ ესაჭიროება ჰოსპიტალური მკურნალობა, მაშინ ის უნდა მკურნალობდეს ბინაზე, სასტუმროში ან კარანტინში. სწორედ ამითაა გამოწვეული ის ღონისძიებები, რომელიც მაშინ იყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, როგორც უნდა ეწყინოს ბევრს, ქვეყანა დაამარცხებს პანდემიას, არჩევნებსაც ღიად, დემოკრატიულად ჩაატარებს და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის ბევრ ქვეყანაში კოვიდპანდემიის პირობებში დამყარდა ანტირეკორდები, ქვეყნები ავიდნენ ათობით ათას ინფიცირების შემთხვევებზე. ამ ქვეყნების პირობებშიც სისტემური შეზღუდვები, სისტემური ლოკდაუნები არ ხორციელდება. პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად, დემოკრატიულად ჩავატარებთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავარი ამოცანა იქნება სამუშაო ადგილების შენარჩუნება. არ მინდა, წინასწარ მოგილოცოთ, თორემ ამასაც გავაკეთებდი“, – გაანცხადა გიორგი გახარიამ.