გიორგი გახარია - ოპონენტებს მინდა, მოვუწოდო, რომ მინისტრების ანგარიშები ის პლატფორმაა, სადაც შეგვიძლია, ერთმანეთს შევეჯიბროთ ქვეყნისთვის უფრო კარგი, მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში
გიორგი გახარია - ოპონენტებს მინდა, მოვუწოდო, რომ მინისტრების ანგარიშები ის პლატფორმაა, სადაც შეგვიძლია, ერთმანეთს შევეჯიბროთ ქვეყნისთვის უფრო კარგი, მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში

განსაკუთრებით ხაზგასასმელია წლევანდელი ანგარიშების ჩაბარების მნიშვნელობა, რადგან 2020 წელი საკმაოდ მძიმე წელია ეკონომიკური და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმა მიმართა ოპონენტებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში შეჯიბრისთვის აღნიშნული პლატფორმა კარგი შესაძლებლობაა.

„ამ კვირიდან დაიწყო მთავრობის ანგარიშების წარდგენა მოქალაქეებისათვის. ამას აკეთებენ თითოეული ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები. ეს ღონისძიებები გაგრძელდება წლის ბოლომდე. თითოეული სამინისტრო წარდგება საზოგადოების წინაშე. განსაკუთრებით ხაზგასასმელია წლევანდელი ანგარიშების ჩაბარების მნიშვნელობა, რადგან 2020 წელი საკმაოდ მძიმე წელია ეკონომიკური და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით და უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ეფექტურად იმუშავა თითოეულმა სამინისტრომ. ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ ეს ანგარიშები ღიაა, ასევე მედიასაშუალებებით შეიძლება მათი ნახვა. ასევე ოპონენტებს მინდა, მოვუწოდო, რომ ეს ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს შევეჯიბროთ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო კარგი, მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელი იქნება გამოწვევებით სავსე, პირველ რიგში, ეკონომიკურ თვალსაზრისით და უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება გონივრულ, ეფექტიან, ერთობლივ მუშაობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი