გიორგი გახარია - ოპონენტების პოპულისტურ განცხადებებს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ
გიორგი გახარია - ოპონენტების პოპულისტურ განცხადებებს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ

ოპონენტების პოპულისტურ განცხადებებს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს საქართველო ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის მართვის თვალსაზრისით, ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც.

„ძალიან კარგი და თვალსაჩინო მაგალითი მინდა, მოგიყვანოთ, როგორიც გახლავთ ტურიზმის სექტორი, რომლის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა ბევრი. მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველო ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის მართვის თვალსაზრისით, ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც, ბევრმა საქართველო ერთ-ერთ პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად გამოაცხადა. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა ამავდროულად აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან და რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებების კუთხით ჩვენ თითქმის ბოლოში ვიყავით გასული, დასრულებულიც გვქონდა და დღესაც შეიძლება, ითქვას, რომ დასრულებულია. მაგრამ ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ, ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ იქნებ, ცოტა ხანი დაველოდოთ და ვნახოთ, ციფრები როგორი იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს ტურბულენტობა დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან.

„მოგეხსენებათ, რომ ბევრი საუბარია მეორე ტალღაზე. ბევრი საუბარია ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. მოკლედ, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ოპონენტები გვსაყვედურობენ მაგალითად პოპულისტური ციფრების დაძახებით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა უპირველესად არის პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე და შემოსავალზე. ჩვენი ყველას მიზანი არის ძალიან მარტივი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა. ჩვენი, ყველას ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, ვირუსის სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სწრაფად ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ამაზეა ეს ბიუჯეტი აგებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას.