გიორგი გახარია - ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებითა და ერთმანეთთან დაპირისპირებით
გიორგი გახარია - ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებითა და ერთმანეთთან დაპირისპირებით

ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებითა და ერთმანეთთან დაპირისპირებით, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ხობში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დღეს, ხობში რეგიონული ორგანიზაცია პარტიის წევრებთან ერთად გახსნა და მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენ ახლა დღეს რასაც ვაკეთებთ, ეს არის ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ხობში ვხსნით ჩვენს პირველ ოფისს, მაგრამ ახლა ამას ოფისსაც ვერ დავარქმევთ – ჩათვალეთ რომ ეს ჩვენი სახლი იქნება. სახლი იქნება იმისთვის, რომ თითოეულ თქვენგანს შეეძლოს ყოველდღიურად თავისი პრობლემები, წინადადებები, ყველაფერი მოიტანოს აქ. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იქნება, რომლებიც ყველას და ყველაფერში მოგვეხმარება. ერთი რამ მინდა გვესმოდეს ყველას, ჩვენ ეს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს იმისთვის და პარტიას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვინმეს ვებრძოლოთ, არავის წინააღმდეგ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნისა და ამ კუთხის წინ წასაწევად. ერთი რამ უნდა გვესმოდეს ყველას, ჩვენ თუ ძლიერი სახელმწიფო არ ავაშენეთ, არაფერი არ გამოგვივა, ვერც ეკონომიკას ვერ განვავითარებთ, ვერც ჩვენს ტრადიციებს ვერ დავიცავთ და ვერაფერს ვერ გავაკეთებთ – ახლა, სამწუხაროდ, რაც ხდება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ეს ქაოსი, ეს ცირკი ჩვეულებრივი, სახელმწიფო სახელწიფოს არ ჰგავს – ეს ყველას გვაზიანებს და აზიანებს, რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანას, ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის, დავი-დარაბის გარეშე, როგორც ჩვენ შეგვეფერება, როგორც ქართველებს შეგვეფერება, როგორც ამ კუთხის შვილებს შეგვეფერება – დასახულ მიზნამდე უნდა მივიდეთ ისე, რომ ჩვენი ეროვნულობა გვახსოვდეს ყოველთვის, გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, გვახსოვდეს საქართველომ დამოუკიდებლობა როდის მოიპოვა, რანაირად დაიბრუნა, ვინ იყო მაშინ ამ საქმის სათავეში, როგორ დაიწყო მაშინ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა და რა მოხდა. ერთხელ შეცდომა დავუშვით არჩეული პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ და მერე 30 წელი გავიდა და ვერ შევძელით ნორმალური ქვეყნის აშენება. ახლა უნდა მივხვდეთ და ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ, ის რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებითა და ერთმანეთთან დაპირისპირებით. ეს არის ჩვენი მიზანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი სახელმწიფო თუ არ იქნა – ვერც ჩვენ კულტურას, ვერც ჩვენ რელიგიას, ვერც ჩვენ ბავშვებს, ვერც ჩვენ ახალგაზრდობას ვერავინ ვერ დაიცავს. ამისთვის გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი, ამიტომ ვაკეთებთ იმას რასაც ვაკეთებთ, ამიტომ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში და ამიტომ მივიღებთ მონაწილეობას ყველა შემდგომ არჩევნებში“, – აცხადებს გახარია.

პარტიის ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წყნარად, მშვიდად, ღირსებით, კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით უნდა გაძლიერდეს ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო და მთლიანად ქვეყანა.

„ჩვენ არსად არ გვეჩქარება. ვინც რა არ უნდა გვეძახოს და როგორც არ უნდა გაგვლანძღოს, იმხელა მიზანი გვაქვს, რომ ეს მიზანი ღირს ყველაფრად და ყველაფრის მოთმენა შეიძლება. ამას ყველაფერს მოვითმენთ. გზას მივცემთ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან, რაც მთავარია, ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით. არ შეიძლება ქვეყნის და სახელმწიფოს მშენებლობა უღირსი საქციელით. არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელწიფოს აშენებდნენ კორუფციონერები. არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელმწიფოს აშენებდნენ არაპროფესიონალები. ამიტომ ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ეს არის, რაზეც იქნება დაფუძნებული თითოეული ჩვენი ნაბიჯი, ქმედება და თითოეული ადამიანი, რომელიც იქნება აქ, უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს. ამიტომ, ახლა ხომ მუნიციპალური არჩევნებია. თითოეული ადამიანი უნდა აირჩიოთ თქვენ და ეს თითოეულმა ადამიანმა ერთ კვირაში უნდა მოვიდეს და გითხრან თქვენ ხობის ბიუჯეტი როგორ გაიზრდება, ბიუჯეტში რაც თანხაც შევა, როგორ დაიხარჯება. როგორ არ იქნება ერთი და იგივე საქმის ათჯერ კეთება, როგორ არ იქნება კორუფცია და უბედურება და როგორ იქნება გზა გახსნილი კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ახალგაზრდებისთვის. ეს არის და ეს. როგორც კი, ეს სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას, ჩათვალეთ, რომ ათ დღეში ერთხელ მე აქ ვიქნები, საზეიმო მდგომარეობაში კი არა, სამუშაო მდგომარეობაში – ვინ რას აკეთებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ვინ იქნება სიაში, ვინ იქნება მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, სხვანაირად არაფერი გამოვა. მარტო ვერც მე და ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ერთმანეთს თუ არ დავუდექით გვერდზე, არაფერი არ გამოვა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, წყნარად, მშვიდად, ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით უნდა გავაძლიეროთ ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო და მთლიანად ქვეყანა. ეს არის მიზანი და დანარჩენი ყველაფერი, მერწმუნეთ, რომ წარმავალია. ერთგულება არსებობს ქვეყნის, სამშობლოს, რელიგიის, რწმენისა და კულტურის. ამიტომ, უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ამ გზას, რომელსაც ახლა ჩვენ ვადგებით, რა თქმა უნდა, გავიყვანთ ბოლოში, აი, ამ პატარა ბავშვების საბედნიეროდ. იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ძლიერმა სახელმწიფომ შეძლოს, დაიცვას ჩვენი ეკლესია, ჩვენი კულტურაც და ეს პატარა ბავშვები, ჩვენი ხანდაზმულები, რომლებსაც ღირსეული მედიცინა და ღირსეული პენსია და ღირსეული ცხოვრება სჭირდებათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.