გიორგი გახარია – ომი აფხაზეთში იყო ომი საქართველოსა და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ
საქართველოს ერთიანობა ის მიზანია, რომლითაც თაობები იცხოვრებენ, იშრომებენ და ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
„27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ორი ერის ტრაგედია იყო. ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ არ იყო. ეს იყო საქართველოსა და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ომი. შესაბამისად, ჩვენ ერთად უნდა გადავლახოთ ეს. ჩვენ ყოველთვის კარგად გვესმის და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ამ პრობლემის გადალახვა იქნება წინაპირობა ჩვენი ხალხების შემდგომი წარმატებული განვითარებისთვის. საქართველოს ერთიანობა ის მიზანია, რომლითაც თაობები იცხოვრებენ, იშრომებენ და ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.