გიორგი გახარია ნატო-ს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს შეხვდა
გიორგი გახარია ნატო-ს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში,ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება, მაღალი დონის შეხვედრები და ერთობლივი წვრთნების წარმატებით ჩატარება კი ნატო-ს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.

გიორგი გახარიამ და იენს სტოლტენბერგმა განიხილეს გლობალური პანდემიის პირობებში, ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის და ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნების გზები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გადახალისებას. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და განხორციელებულ დემოკრატიულ  რეფორმებზე. ამ კუთხით განსაკუთრებით გაესვა ხაზი საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მეტად პროპორციული სისტემით. აღინიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივანი  საქართველოში მოიწვია.

დატოვე კომენტარი