გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე - პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ, ჩემთვის ეს იყო ქვეცნობიერის ჩვეულებრივი გამოვლენა
გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე - პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ, ჩემთვის ეს იყო ქვეცნობიერის ჩვეულებრივი გამოვლენა

თემა საერთოდ რომ არ გაქვთ, თემა დღეს გახდა „გრუ“-ს რაღაც ანალიტიკური წერილები, სამწუხაროდ. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც,  „გრუს“-ს ანგარიშში საუბარია, რა თემები უნდა გააქტიურდეს საქართველოში – დავით გარეჯის თემა, ანტითურქული და ანტიაზერბაიჯანული თემები.

პრემიერმა კითხვის პასუხად ჟურნალისტს მოუწოდა, წყაროების ადეკვატურობასა და ობიექტურობას ყურადღება მიაქციონ.

„რაც შეეხება „გრუ“-ს, ჩემს გაკვირვებას რა იწვევს იცით, „გრუ“-ს გეგმები და „გრუ“-ს ანალიტიკური მასალები თქვენ საიდან გაქვთ? თქვენ გახვრიტეთ „გრუ“, იქიდან წამოიღეთ რაღაც, ქართულ უშიშროებასაც ალბათ, თქვენ მიეცით. ესე იგი, ჩვენი ქვეყნის უშიშროებამ გადმოგცათ? ისე წყაროები უნდა დაიცვათ, რა თქმა უნდა, ოღონდ ამ წყაროების ადეკვატურობასა და ობიექტურობას ცოტა ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამაზე უბრალოდ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მარტივი მიზეზების გამო. საერთოდ, ამ ქვეყანაში, იმის გამო, რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, ყოველ ჯერზე, არჩევნებამდე ორი სამი დღით ადრე საკითხი ხდება რუსეთი, პრორუსულობა და ახლა პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ, ეს იყო ჩვეულებრივი ქვეცნობიერის გამოვლენა ჩემთვის, პირდაპირ გეუბნებით და ლარის კურსი, დღეს ლარის კურსი, ასე თუ ისე დასტაბილურებულია. თემა საერთოდ რომ არ გაქვთ, თემა გახდა დღეს „გრუ“-ს რაღაც ანალიტიკური წერილები, სამწუხაროდ, ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ცუდია, როდესაც ოპოზიცია, თემას ვერ პოულობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ერთ-ერთი ბოლო თემაა ლოკდაუნი, რომლითაც აშინებენ ხალხს.

„ბოლო თემები რომ ჩამოვთვალოთ, თითქოს ლოკდაუნი იქნება. ამით აშინებენ მოსახლეობას, ტყუილია თან. შეხედეთ, ინფიცირების შემთხვევებს ერთ მილიონ მოსახლეზე და შეხედეთ ევროპულ ქვეყნებს. ჩვენ კი არ ვამაყობთ არაფრით, ჩვენ წყნარად, მშვიდად, საქმეს ვაკეთებთ. არც არავის ქებას ვითხოვთ და არავის კრიტიკისა და ლანძღვის გვეშინია. უბრალოდ,  არჩევნებამდე ორი დღით ადრე მესამე თემა გახდა ახლა „გრუ“-ს თემა. რაღაც კონსპირაციების თეორიებია – „გრუ“-დან ამოიღეთ ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ ჩათიდან ამოიღეთ ინფორმაცია – არ ვიცი, როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა გახარიამ.