გიორგი გახარია - „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე
გიორგი გახარია - „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე

ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს არა გამოწვევებისა და დამხობების ქვეყანა, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მიზანია, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების და არა გადატრიალებების ქვეყანა.

„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს არა გამოწვევებისა და დამხობების ქვეყანა, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის. დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ დავამხობო​. დავასრულებ კი არ უთქვამს, შევცვლი კი არ უთქვამს – დავამხობო. მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია, ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობებისა და უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.