გიორგი გახარია - სკოლებთან საპატრულო პოლიციის მორიგეობა დროებითი იქნება 
გიორგი გახარია - სკოლებთან საპატრულო პოლიციის მორიგეობა დროებითი იქნება 

ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, მანდატურის სამსახურის ეფექტურობის ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც შედიან განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები, ასევე პროკურატურა.

კითხვაზე, რა რესურსს წაიღებს საპატრულო პოლიციის სკოლებთან მორიგეობა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს დიდ რესურსს წაიღებს.

“ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რესურსის მოცულობის თვლა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დროებითი. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ, მანდატურის სამსახურის ეფექტურობის ზრდა, ამისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მთავარი ამოცანა არის, მანდატურის სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც როგორც ჩანს ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ სასწრაფოდ, ახლა ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურის ეფექტიანობას. ვიდრე ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და მაქსიმალურ შესაძლებელ რესურსს მოახმარს, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.