გიორგი გახარია - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის გარეთ, საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი
გიორგი გახარია - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის გარეთ, საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი

საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნაზე განაცხადა.

„მოგესალმებით საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი და მსურს, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში. ამ გადაწყვეტილების მიღებაში, აღმასრულებელი საბჭოს წევრების ქვეყნებთან ერთად, უდიდესი წვლილი მიუძღვის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რისთვისაც მსურს მას პირადად მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით დასაფასებელია დელეგაციების ასეთი წარმომადგენლობითი დასწრება მსოფლიოში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვების გამო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.