გიორგი გახარია - მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს დავით გარეჯის თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან
დარწმუნებული ვართ, დემარკაციის ფარგლებში სტრატეგიულ პარტნიორთან და მოძმე სახელმწიფოსთან ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომ გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ისე ჩვენი ეკლესიის ინტერესი, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იყო თუ არა საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება დავით გარეჯს, რა თქმა უნდა, ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზე ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მემკვიდრეობაა, პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ.
ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას – არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან. რამეთუ, დემარკაციის ფარგლებში, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ისევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.