გიორგი გახარია - მმართველი პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არც ინტელექტუალური, არც მორალური  რესურსი არ აქვს, სამწუხაროდ, ამ ხალხმა თავი ამოწურა
გიორგი გახარია - მმართველი პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არც ინტელექტუალური, არც მორალური რესურსი არ აქვს, სამწუხაროდ, ამ ხალხმა თავი ამოწურა

ვინც ქმნის ამინდს „ქართულ ოცნებაში“, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარიამ უპასუხა შეკითხვას, ელოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან მის მოღალატედ შერაცხვას.

„სიმართლე გითხრათ, ველოდი, მაგრამ არ ველოდი ასე სწრაფად და ასეთი ფორმით, ველოდი რამდენიმე აბსოლუტურად ჩემთვის ობიექტური მიზეზის გამო. პირველ რიგში, ველოდი იმიტომ, რომ ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. პარტიის ხელმძღვანელობაზე ვსაუბრობ. მე არ ვსაუბრობ ყველაზე, იქ არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, ხელმძღვანელობაშიც უამრავი ღირსეული წარმომადგენელია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იბრძვიან ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. მე ვთვლი, რომ ეს იყო, რამაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა მსგავსი მძაფრი განცხადებით გამოსულიყო – ეს ერთი. ეს განცხადება ჩემთვის მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, შეკითხვაზე, ვისი ხელწერა იყო ეს განცხადება, გახარიამ აღნიშნა, რომ არ დაიწყებს ჭორაობას.

„ეს ჩემი საქმე არ არის, ამაზე ვერ ვიჭორავებ, მაგრამ ეს არის მისი სახელით გავრცელებული განცხადება. რა არის ახლა ამ განცხადებაში, ამ განცხადებაში არის ორი საკითხი. „გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის“ და „გიორგი გახარია არის მოღალატე“. ფსიქოლოგიურად ძალზედ სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე, რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი, მეორე არის ტყუილი, ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ „ოცნება 2“, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ჩვეულებრივი ტყუილია და ამასთან, მორალურად ჩადენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს, სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა, არაფერი სხვა იქ მნიშვნელოვანი არ არის“, – განაცხადა გახარიამ.