გიორგი გახარია - მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს შტურმებით ხელისუფლების ცვლილების მცდელობა, ეს უნდა დასრულდეს
გიორგი გახარია - მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს შტურმებით ხელისუფლების ცვლილების მცდელობა, ეს უნდა დასრულდეს

ჩვენი ხელწერა არის შტურმის და შეტევის დროს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, იქ თუ სადმე რაღაცას გადავაჭარბეთ და გადავამეტეთ, ჩვენი ხელწერა უნდა იყოს ამაზე სრული პასუხისმგებლობის აღება და პასუხისგება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, სხვანაირად სამართლებრივი და ჯანსაღი სახელმწიფო ვერ აშენდება.

„სხვანაირად ჩვენ ყოველ ისტორიულ პერიოდში ვიქნებით ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების ცვლილების მონობაში და ტყვეობაში. ეს არ მოგვცემს არანაირ საშუალებას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული განვითარება. ეს არის სწორედ ის პასუხისმგებლობა, რომელზეც მე ვსაუბრობ და ეს ის პასუხისმგებლობაა, რომლის პირობებშიც ჯალათს თუ სისხლის მსმელს დამიძახებენ არანაირი მნიშვნელობა ამას ჩემთვის არ აქვს. მინდა, ამაში დაგარწმუნოთ. ისევე, როგორც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აი ამ სავარძელში ვიჯდები თუ არა. დღეს მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს ძალადობრივი თავდასხმებით, შტურმებით და პარლამენტის სხდომათა დარბაზის დაკავებით ხელისუფლების თუნდაც ცვლილების მცდელობა. ეს ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რადგან სხვანაირად ვიქნებით აი ამ მოჯადოებულ წრეში. ერთი პერიოდიდან მერე მეორე, კიდევ ძალადობრივი ცვლილება მესამე და ასე შემდგომ. ასე ჩვენი დემოკრატიული განვითარება ვერ იქნება შედეგის მომტანი.

სამწუხაროდ ეს ფაქტია და სამართალდამცავი სისტემა უნდა იყოს მზად, არა იმ შეცდომებით, როგორიც დღეს მოხდა, არამედ უფრო გამართულად და მოქალაქის ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო ზრუნვის მაღალი ხარისხით, მსგავსი მეთოდებით ხელისუფლების ცვლილების საშუალება არ მისცეს არავის, რომ არავის არც გაუჩნდეს სურვილი, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგას. ეს არის სახელმწიფო, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ჩვენ გვინდა, რომ გვერქვას სახელმწიფო, და თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ისევე, როგორც მოქალაქეებმა დაცულად იგრძნონ თავი და განვითარდნენ. ეს არის მთავრობის და სამართალდამცავი სისტემის პასუხიმგებლობა“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.