გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს ხარჯავდა და თქვენ იწერდით, ამას ჩავაცვით, ამას დავახურეთო, ახლა მოდიხართ და მორალს მიკითხავთ მე
მივხედავთ ყველას, პანდემიით დაზარალებულებისთვის გადმორიცხულ სახსრებს გამოვიყენებთ იქ, სადაც ამის საჭიროებაა და სხვა სახსრებსაც მოვიძიებთ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ დასმულ შეკითხვას.
„აქ იყო საუბარი სარეზერვო ფონდზე, როგორ გამოიყენებთ, რაღაც სპეკულაციებით მართავთ, თუ ბიძინა ივანიშვილი მართავსო. რაღაც 80 მილიონზე იყო საუბარი – ჯერ ერთი, 80 მილიონი იყო სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის და 75 მილიონი იყო კონკრეტული სამართლებრივი პროცესის მიერ ჯარიმის სახით წაღებული. სულ სხვა თემაა.
არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს რომ ხარჯავდა და თქვენ იწერდით, მერე გამოდიოდით და ამბობდით, რომ პატრულს ამდენი მანქანა ჰყავს, ამას ჩავაცვით, ამას დავახურეთო. ახლა თქვენ მოდიხართ და მორალს მიკითხავთ მე 100 მილიონზე, რომელიც პანდემიის დროს არის ბიუჯეტში. კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რეალურად, დღეს მიმდინარე საკასო ხარჯების ნაწილში საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ პრობლემა არ გვაქვს.
და ეს გადმორიცხული დახმარება პანდემიით დაზარალებული ადამიანებისთვის ყველა ადამიანის კეთილი ნება იყო. ამ კეთილ ნებას ჩვენ გამოვიყენებთ საჭირო დროს. რამდენიმე კარგი წინადადება მოვისმინე თქვენგანაც, რასაც ასევე გამოვიყენებ. ოღონდ მერე თქვენ შეიძლება, რაღაც დისკომფორტი შეგექმნათ, რაღაცას დაარქმევთ ამას, პოლიტიკურ მოტივაციას ან რაღაცას, მაგრამ რამოდენიმე თქვენგანმა თქვა, ბატონმა რომანმა მგონი, რომ არა დროებით დასაქმებულს, ყველას დაეხმარეთო. მივხედავთ ჩვენ ყველას. ამ სახსრებსაც გამოვიყენებთ იქ, სადაც ამის საჭიროებაა და სხვა სახსრებსაც მოვიძიებთ. ამის პრობლემა ნუ გაქვთ“, – მიმართა ოპოზიციას გიორგი გახარიამ.