გიორგი გახარია - მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე თქმა, რომ ეს „მიუღებელია“, არის არაფრის თქმა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება
მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე თქმა, რომ ეს „მიუღებელია“, არის არაფრის თქმა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ მედიის კითხვებზე პასუხისას. გახარიამ ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველი ძალის პოზიცია სახელმწიფოს უსუსურობაში გადაიზარდა.
„რაც შეეხება მედიას – მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, რასაც ჰქონდა ადგილი და ამას ჩვენ უბრალოდ პირდაპირ ეთერში ვხედავდით, თქმა რომ ეს „მიუღებელია“, არის არაფრის თქმა, დასაგმობია, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. დღეს, საქართველოში ჩვენ თუ გვინდა ევროპული ფასეულობები და ევროპული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მედიის, თავისუფალი მედიის გარეშე არაფერი არ იქნება. მოგვწონს მედია ჩვენ თუ არ მოგვწონს, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.
გვყავს ისეთი მედია, როგორიც გვყავს და ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მედია დავიცვათ, რომ ეს მედია ჩვენთან ერთად განვითარდეს. ის სისტემური ძალადობა მედიაზე, რომელიც იყო – კატეგორიულად მიუღებელია. წაახალისა თუ არა ეს სახელმწიფომ? სახელმწიფომ ეს ყველაფერი პირდაპირ წაახალისა თავისი უსუსურობით“, – ამბობს გიორგი გახარია.
გახარიას თქმით, ხელისუფლების, მმართველი ძალის პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს წესრიგი, მშვიდობა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ მოქალაქის მრწამსს. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. უმრავლესობისა და ეკლესიის ზურგს ამოფარებული მმართველი ძალა, რომელიც შემდგომ თავის უმოქმედობას უბრალოდ, ხსნის იმით, რომ მე ეს ყველაფერი გითხარით წინასწარო, გაგაფრთხილეთო – არის უსუსურობა, ეს არსი პირდაპირი წახალისება სახელმწიფოს დემონტაჟის, საერთოდ ქვეყანაში ინსტიტუციონალური აღრევის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან საუბრისას.