გიორგი გახარია - მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი და პოლიცია ამ კანონს ეფექტიანად აღასრულებს
გიორგი გახარია - მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი და პოლიცია ამ კანონს ეფექტიანად აღასრულებს

მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი და პოლიცია ამ კანონს ეფექტიანად აღასრულებს, – ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის მიერ მარიხუანის მოხმარების მკაცრი რეგულირების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაზე განაცხადა.

შს მინისტრის თქმით, მარიხუანის მოხმარების სხვადასხვა შემთხვევებში იმოქმედებს მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები, რომელსაც პოლიცია ეფექტიანად აღასრულებს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში უნდა არსებობდეს სხვადასხვა და ძალზედ მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები. რა თქმა უნდა, მარიხუანის თრობის ქვეშ დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა და კიდევ ბევრი რამ – ეს ყველაფერი ამ კანონში არის დაფიქსირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია მაქსიმალურად ეფექტიანად აღასრულებს ამ კანონს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი – მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.