გიორგი გახარია - მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის ქვეყნის ეფექტური განვითარების გარანტი
გიორგი გახარია - მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის ქვეყნის ეფექტური განვითარების გარანტი

პირველ რიგში მინდა, მივულოცო საჯარო რეესტრის სააგენტოს და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს, უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში ვშრომობთ და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სწორად, ეფექტურად დალაგებული სერვისები რომელიც რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან , ეს არის ის, რასაც დღეს იუსტიციის სამინისტრო აკეთებს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაზე შრომაც არ უნდა დაგვეზაროს არც ერთი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათაო ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გარანტი ქვეყნის ეფექტური განვითარების.

„საერთოდ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საჯარო მოხელე ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ქვეყნის წარმატებაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გარანტი ქვეყნის ეფექტური განვითარების. ამიტომ, რაც უფრო მეტი მსგავსი შენობები გვექნება მით უფრო წარმატებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ. გარდა ამისა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ინსტიტუციონალური რეფორმის ნაწილიც,. ყველამ კარგად ვიცით ის რეფორმები, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ატარებს, როგორც ინსტიტუციონალურად, ადმინისტრაციულად, საკანონმდებლო ნაწილში და ამ რეფორმების შედეგებს ჩვენ ყველანი ვხედავთ. მაგალითად 81 საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც რეგიონებშია გაშლილი, იუსტიციის სახლები და მარტივი რამ მინდა გითხრათ, ის რასაც მე თვითონ შევეხე, როდესაც ეკონომიკის სამინისტროსი ვმუშაობდი და ყველანაირად ვცდილობდით, რომ სერვისები სხვადასხვა სამინისტროებისთვის მიგვეტანა რაც შეიძლება ახლოს მოქალაქესთან. იდეალური არხია ის, რაც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრებით და იუსტიციის სახლებით აქვს გაკეთებული. ეს არის ის შესაძლებლობა, როდესაც მოქალაქეს შეუძლია მივიდეს, გეოგრაფიულად გაშლილ მთელ ქვეყანაში თავის დაბაში, თავის რაიონში სადაც ცხოვრობს და შეეხოს იმ სერვისებს, რომელსაც სახელმწიფო მათ აწვდის. ეს არის იდეალური ვარიანტი და თითოეულ სამინისტროს ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს არხები იმისთვის, რომ ახლოს მივიდნენ მოქალაქესთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ახალ პროგრამაზე, „სახელმწიფო შენი პარტნიორია“.

„იუსტიციის სამინისტროს ნაწილში, სხვა მიმართულებებს რომ შევეხოთ, აუცილებლად უნდა გავიხსენო ახალი პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, რომელიც ჩვენ ახლა დავიწყეთ, სადაც, ეკონომიკის სამინისტროს და აწარმოე საქართველოს პროგრამები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტურიზმის სააგენტოს. თითოეულ მოქალაქეს, ამბროლაურში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ყვარელში, თელავში შეუძლია, თავის ქალაქში მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია, ასევე მიიღოს კონსულტაცია და კონტრაქტიც კი გააფორმოს იმ ნაწილში, რომ გახდეს ამ პროგრამების მონაწილე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხოვრების ხარისხი და სერვისების ხარისხი, ეს თბილისში იქნება, ბათუმში, თელავში, თუ დაბაში, არანაირად არ უნდა განსხვავდებოდეს მოქალაქეებისთვის. არ შემიძლია არ გავიხსენო მიწის რეფორმა და მარტივი რამ მინდა ვთქვა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტრომ, რა თქმა უნდა, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა მილიონზე მეტი ჰექტარი მიწა, რაც არის დამოუკიდებლობიდან 25 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულთან ცოტა უფრო მეტი რაოდენობაც. არ შემიძლია არ გავიხსენო სისტემური მიწის რეგისტრაცია, რომელიც ამ ზაფხულს დაიწყო და რომელსაც აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რამეთუ, დღეს, მიწა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ჩვენი ქვეყნის და ის, სასწრაფოდ უნდა იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში. ზედაპირულად, ერთი შეხედვით, ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც თქვენ უნდა გაუმკლავდეთ. და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ის გარემო, რომელიც აქ იქნება და თან, როგორც გავიგე, ამ გარემოში იქნება საბავშვო ბაღიც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელე იყოს ეფექტიანი, მაღალკვალიფიციური და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი. ასეთ, საჯარო მოხელეს შეუძლია განავითაროს ეფექტური სახელმწიფო და ასეთი საჯარო მოხელე იქნება ყველაზე კარგი მსახური თითოეული მოქალაქის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.