გიორგი გახარია - მადლობა ევროპელ პარტნიორებს დახმარებისთვის, რომელიც ევროკავშირმა კორონავირუსთან საბრძოლველად სანდო და ეფექტურ პარტნიორს, საქართველოს გაუწია
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი, ძირითადი, სტრატეგიული მიმართულება და ეს არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება, არ არის რომელიმე პარტიის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის არის საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილება და ეს არის ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება.
„მინდა, გავიხსენო, რომ 27 ივლისს, ხვალ ზუსტად ექვსი წელი ხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების და მისი მეოთხე თავის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის, რომელიც იყო ფუნდამენტური საფუძველი, ფუნდამენტური ჩარჩო იმ გზაზე, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობამდე. ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანაა, სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ ევროპელი პარტნიორების წინაშე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს.
შემუშავდა 20 წლის ევროკავშირის ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა. ეს აშკარად გამოჩნდა აფრიკის რესპუბლიკისა და მალის კამპანიებში, ისევე, როგორც ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, ფორმატებში, რომლის სამიტიც დისტანციურად რამდენიმე დღის წინ შედგა და რომელსაც ჰქონდა კონკრეტული შედეგები. ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეზოლუცია და ევროპარლამენტს მოუწოდა საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის გაფართოების შეთავაზება. საერთოდ, ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი და შესაძლებელია შემდგომი მოლაპარაკების გაძლიერება საქონლის, კაპიტალის, მომსახურების, ასევე სამუშაო ძალის თავისუფლების მიმართულებით“, – აცხადებს პრემიერი.
მისივე თქმით, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს თანამშრომლობის გაფართოების სტრატეგია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტური და შევძლოთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ უახლოეს წლებში, გარდა უვიზო, თავისუფალი რეჟიმისა, ჩვენი მოქალაქეებისთვის მოვიპოვოთ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ინტეგრირების, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე ინტეგრირების ნაბიჯები გადავდგათ და ეს ნაბიჯები იყოს ძალზე საგრძნობი. უვიზო მიმოსვლის ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში იყო გარკვეული რისკები, განსაკუთრებით არალეგალური მიგრაციის მიმართულებით. ჩვენ ამ მიმართულებით ეფექტურად ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან, ძირითადად ორმხრივ ფორმატებში. ბევრი მიმართულებით ეს პრობლემები უკვე მოგვარებულია. ბევრ ქვეყანაში მიიღო საქართველომ უკვე მიიღო უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნის სტატუსი, რაც აიოლებს შემდგომ ოპერირებას და თავისუფალი უვიზო რეჟიმის რისკებს ამცირებს. შესაბამისად, ეს არის ის მიმართულებები, რომელზეც ჩვენ აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ვიყავით ექვსი თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაემთხვა გლობალური პანდემიის პერიოდს, ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ღონისძიებები გატარებული საქართველოს მთავრობის მხრიდან.
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელიც მათ გაუწიეს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს იყო კონკრეტულად 183 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, როგორც სანდო და ეფექტურ პარტნიორს, საქართველოს გაუწია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.