გიორგი გახარია ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გიორგი გახარია ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკას ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეიმუტის მისიუნასს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამასთან, გიორგი გახარიამ ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ლიტვური მხარის მიერ შეტანილი წვლილისა და სამაგალითო პარტნიორობის გამო.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პროექტი 2014–2018 წლებს მოიცავს. მისი მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამართალდაცვით სფეროში ევროპის გამოცდილების გაზიარება, პოლიციური საკითხების სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.

გიორგი გახარიამ და ეიმუტის მისიუნასმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა საგზაო უსაფრთხოების სფეროში და მხარეთა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

,,ვისაუბრეთ პოლიციის ატაშეს ინსტიტუტის შექმნის საჭიროებაზე საერთოდ ბალტიისპირეთის რეგიონში და ვფიქრობ, რომ ამ ამოცანასაც ერთად გავართმევთ თავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ლიტველ კოლეგას გააცნო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, სამინისტროს პრიორიტეტები და უწყებაში მიმდინარე რეფორმები.