გიორგი გახარია კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა
გიორგი გახარია კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში, კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა.

შესაბამისი სამინისტროების, ეპიდემიოლოგების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოები და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით.

ყურადღება გამახვილდა, მსოფლიოს მასშტაბით, დღეს არსებულ და პერსპექტიულ ვაქცინებზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა განისაზღვროს ის მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში უნდა აიცრან. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, უნდა იყოს აღიარებული და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ასევე, შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, კერძოდ, ვაქცინებისთვის საჭირო ცივი ჯაჭვის მოთხოვნები და მახასიათებლები.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ვაქცინაცია – უსაფრთხო და ხარისხიანი ვაქცინით, რომელიც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით განხორციელდება.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ამ კუთხით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა განისაზღვროს ქვეყნისთვის მაქსიმალურად მისაღები სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინები, ქვეყანაში მათი შემოტანის გზები და სამიზნე აუდიტორია, რომელიც პირველ რიგში აიცრება.

ვაქცინაციის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში ჩართულია საქართველოს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ ისაუბრა მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა დაკმაყოფილდეს იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან.

კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია სამუშაო შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში მართავს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.