გიორგი გახარია - კორონავირუსის მართვის რესურსი გვაქვს, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან პანიკის საფუძველი არ არსებობს
გიორგი გახარია - კორონავირუსის მართვის რესურსი გვაქვს, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან პანიკის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, ამ ფონზეც კი, ვირუსის გავრცელების მართვა ხდება და ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, გახარიამ საზოგადოებას ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თავიდან მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამით პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ვიცავდით. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, 90 პროცენტზე მეტს ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, მსგავს ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია.

შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც არის ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნება, წერტილოვანი შეზღუდვები და სწორი ბალანსი. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორად შესრულებას, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ. ესენი ელემენტარულ წესებია. უნდა ვატაროთ ბირბადე, დავიცვათ დისტანცია. შესაბამისად, უნდ გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვირუსის გავრცელება ტემპში შემცირდეს, ინფიცირების შემთხვევების მატება გვექნება. ასეთი მატება მოსალოდნელი იყო. ყოველთვის ვამბობდით, ვირუსის მეორე ტალღის დროს ინფიცირების შემთხვევების მატება იქნებოდა. თუმცა, ჩვენ გაზრდილი შემთხვევების მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა მეტად მომზადებულია. თუმცა რესურსები ამოუწურავი არ არის. პირველ რიგში, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ასევე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. არანაირი პანიკის საფუძველი ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.