გიორგი გახარია - კომპეტენციის, ასევე გამოცდილების მხრივ პრობლემები ძირითადად, ანალიტიკასა და ტექნოლოგიებში გვაქვს
გიორგი გახარია - კომპეტენციის, ასევე გამოცდილების მხრივ პრობლემები ძირითადად, ანალიტიკასა და ტექნოლოგიებში გვაქვს

კომპეტენციის, ასევე გამოცდილების მხრივ პრობლემები ძირითადად, ანალიტიკასა და ტექნოლოგიებში გვაქვს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა მოგახსენოთ ის ძირითადი მიმართულებები, სადაც როგორც კომპეტენციის, ასევე გამოცდილების მხრივ გვაქვს პრობლემები, ეს ძირითადად არის ანალიტიკა და ტექნოლოგიები. ერთმნიშვნელოვნად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შს სამინისტროს ძირითადი მიმართულებები იყოს ანალიზზე დაფუძნებული. ეს შეუძლებელია, მოხდეს ერთ ან ორ დღეში, თუმცა არც ისე მძიმედ არის საქმე. საკმაოდ მაღალი კომპეტენციის და კვალიფიკაციის კადრები გვყავს ამ მიმართულებით.

ჩვენ ახლა ყველაფერს ვაკეთებთ მათი სწრაფად გადამზადებისთვის, რათა უფრო ეფექტური გახდეს იმ სტრუქტურული დანაყოფების მუშაობა, რომელთა რეფორმირებასაც ახლა ვახორციელებთ. ვგულისხმობ კრიმინალურ და საპატრულო პოლიციას, თუმცა მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან დამატებითი 25 მილიონი ლარი გამოგვიყო. ამ თანხას ვიყენებთ, როგორც ვიზუალური ანალიზის სისტემების დანერგვაში, ასევე კრიმინალისტიკის თანამედროვე ინსტრუმენტების და მეთოდების დანერგვაში. ამის პირველი ხილვადი შედეგები გვექნება წლის ბოლომდე. იმედი გვაქვს, ამ მონაცემებს ჩვენი მოქალაქეებიც და თქვენც ნახავთ იმ სტატისტიკურ ციფრებში, რომლის გაუმჯობესების ფაქტობრივ ვალდებულებებს ჩვენ ვიღებთ“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.