გიორგი გახარია - გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობა არის ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი
გიორგი გახარია - გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობა არის ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი

სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს შეზღუდავს ჩვენს ზონას – სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიამ 12 მაისის ღონისძიებების მიზეზები განმარტა.

მისი თქმით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობა არის ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.

„ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც მივყავართ, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, ფატალურ შედეგებამდე – ეს არის და ეს. სხვა მოტივი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ იმის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, იყოს გამოყენებული როგორც ეფექტური პლატფორმა, ასე ვთქვათ, ნარკოვაჭრობისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ტარდება ყველა ქალაქში, სადაც ასე თუ ისე განვითარებული არის კლუბური ცხოვრება და უფრო მძიმე შედეგებითაც მიმდინარეობს.