გიორგი გახარია - გაფრთხილება, როგორც ასეთი, აქციის მონაწილეთა მიმართ რამდენჯერმე იყო
გიორგი გახარია - გაფრთხილება, როგორც ასეთი, აქციის მონაწილეთა მიმართ რამდენჯერმე იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს. ამის შესახებ გახარიამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„რაც შეეხება გაფრთხილების ნაწილს, გაფრთხილება როგორც ასეთი, აქციის მონაწილეთა მიმართ რამდენჯერმე იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, იმ პერიმეტრზე, წინა ხაზზე, გაფრთხილებას უკვე არანაირი აზრი არ ჰქონდა. კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. კანონმდებლობით აბსოლუტურად მკაფიოდ არის გაწერილი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, 30 გატაცებული პოლიციელი ამ მასაში და 300-ზე მეტი გატაცებული ფარი – პოლიციელებს, რომლებსაც ჰქონდათ ბრძანება დაცვის, ისინი იძულებული გახდნენ, გამოეყენებინათ გაზი. რატომ გაზი, რადგან პირველ რიგში, გაზი ყველაზე ნაკლებად მავნებელია, რატომ უკან, რადგან წინა ფლანგზე გაზის გამოყენება არის მაღალი რისკის შემცველი. იქით ვისვრით მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ადამიანების, რომლებიც კონკრეტულად, ჯგუფურად, დაახლოებით 400-450 ადამიანი, შეტევაში არ იყო ჩართული, მათი გაფანტვა რომ მომხდარიყო“,- აღნიშნა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, არაობიექტურობის შეგრძნება დატოვა „ტვ პირველის“ დღევანდელმა ანონსმა, რომელშიც როგორც გახარიამ აღნიშნა, არ აჩვენეს არც ერთი შემთხვევა, სადაც პოლიციელებზე თავდასხმა იყო ასახული.

„მინდა, ერთ რაღაცას დავუბრუნდე. არ მინდოდა ამაზე საუბარი. დღევანდელ თქვენს ანონსში, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, ეს არის ტელევიზია, რომელსაც აქვს კონკრეტული პოზიცია, მაგრამ როდესაც თქვენ ობიექტური, უზომოდ კრიტიკული ჟურნალისტი, რაც ჩემთვის მისაღებია და იმიტომ ვზივარ აქ და არა სხვა ტელევიზიაში, ანონსში არ აჩვენებთ არც ერთ შემთხვევას, როგორ ხდებოდა თავდასხმა პოლიციელზე, უბრალოდ არაობიექტურობის შეგრძნებას ქმნით. იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს უკან დგანან, დღეს უბრალოდ ბრალს სდებენ რაში, რომ მათ ქვეყნის წინაშე თავის ფუნქცია შეასრულეს და ფიზიკურ მოძალადეებს არ მისცეს საშუალება, შეჭრილიყვნენ პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა ტრაგიკული შემთხვევები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რაც 20 ივნისს ხდებოდა, ყველაფერზე ბრძანება გასცა თუ არა შს მინისტრმა, გახარიამ უპასუხა, რომ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში გასცა ბრძანება, რათა პოლიციას გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომელიც აბსოლუტურად კანონმდებლობით არის გაწერილი.

„რა თქმა უნდა. შეხედეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ, მე იქ არ ვიყავი. ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, სწორედ ამ კონსტიტუციისა და ამ კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომელიც არის აბსოლუტურად სრულად არის გაწერილი კანონმდებლობით. რატომ? იმიტომ, რომ პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა, დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები, დაიცვას მართლწესრიგი და სამოქალაქო წესრიგი ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.